მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგის ფინანსური რეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებული ბრალდებების თითქმის ყველა პუნქტში დამნაშავედ ცნეს.
დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, სანქციები ჯერ განსაზღვრული არ არის და ამ ეტაპზე ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილება. მოსალოდნელია, რომ სიტი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
საქმის დეტალების შესახებ ინფორმირებული წყაროების ცნობით, მანჩესტერ სიტი 115 ბრალდებიდან 114-ში დამნაშავედ ცნეს.
შესაძლო სასჯელები პრემიერ ლიგის წესების W.51 მუხლშია გაწერილი. თუ პანელი დაადგენს, რომ სიტიმ წესები დაარღვია, მას სანქციების ფართო სპექტრის გამოყენება შეუძლია.
სასჯელი შეიძლება მოიცავდეს გაფრთხილებასა და ფინანსურ ჯარიმას, ქულების დაკლებას და უკიდურეს შემთხვევაში, პრემიერ ლიგიდან გარიცხვასაც კი.
ქულების დაკლება შესაძლოა გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან ამოქმედდეს ან რეტროსპექტიულად გავრცელდეს, რაც თეორიულად ქმნის შესაძლებლობას, რომ მანჩესტერ სიტის წარსულში მოპოვებული ტიტულებიც ჩამოერთვას.
„ვფიქრობ, თუ ქულების დაკლების გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ის მომავალზე გავრცელდება“, - განუცხადა 2023 წელს The Athletic-ს სპორტულ რეგულაციებზე სპეციალიზებულმა Onside Law-ის იურიდიულმა დირექტორმა ჯეიმს ჰილმა.
„როგორც წესი, პანელებს არ სურთ, რომ ჩემპიონატის გამარჯვებულის ბედი სასამართლო პროცესით გადაწყდეს. ამ გზით მოქმედება კლუბისთვის რეალურ და ხელშესახებ სასჯელს არ წარმოადგენს“.
W.51.7 მუხლის თანახმად, პანელს შეუძლია წესებში ჩამოთვლილი რამდენიმე სასჯელი ერთმანეთთან გააერთიანოს ან გამოიყენოს სხვა სანქციებიც, რომლებსაც მოცემულ ვითარებაში მიზანშეწონილად მიიჩნევს.
თუმცა ნებისმიერი სასჯელი დარღვევების სიმძიმის პროპორციული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გასაჩივრების შედეგად შესაძლოა გაუქმდეს.