როგორც The Athletic-ის ჟურნალისტი მარიო კორტეგანა იტყობინება, კრიშტიანუ რონალდუს უფროსი ვაჟი რეალ მადრიდის აკადემიაში ვარჯიშობს და დიდი შანსია, უახლოეს მომავალში გუნდს ოფიციალურად შეუერთდეს.
15 წლის რონალდუ უმცროსმა მადრიდელთა 16-წლამდელთა გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა. მოსალოდნელია, რომ ის ლა ფაბრიკას წევრი მალე გახდება.
ახალგაზრდა თავდამსხმელი ამჟამად ალ ნასრის აკადემიაში ირიცხება. საუდის არაბეთში ის მას შემდეგ გადაბარგდა, რაც მამამისმა 2022 წლის დეკემბერში ადგილობრივ გრანდთან კონტრაქტი გააფორმა. მანამდე რონალდუ უმცროსი იუვენტუსის და მანჩესტერ იუნაიტედის ასაკობრივ გუნდებშიც თამაშობდა.
აშშ-ში დაბადებულმა ფორვარდმა პორტუგალიის ასაკობრივ ნაკრებში პირველი გამოძახება 2025 წლის მაისში მიიღო, როდესაც 15-წლამდელთა რიგებში იაპონიის წინააღმდეგ ითამაშა. მას შემდეგ მან პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებშიც მოასწრო დებიუტი.
თუ რონალდუ უმცროსი რეალ მადრიდის აკადემიასთან ხელშეკრულებას გააფორმებს, მას იქ კიდევ ერთი ლეგენდის, მარსელოს შვილი ენცო ალვესი დახვდება, რომელიც ლა ფაბრიკაში უკვე დიდ წარმატებებს აღწევს. ბუნებრივია, მამის ავტორიტეტიდან გამომდინარე, 15 წლის ფეხბურთელის მიმართ მოლოდინი ძალიან დიდია.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ რეალ მადრიდში 9 დაუვიწყარი სეზონი გაატარა. 41 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მადრიდულ კარიერაში ორჯერ ლა ლიგა, ორჯერ ესპანეთის თასი, ხოლო ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. რონალდუ რეალ მადრიდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია, მის ანგარიშზე 438 მატჩში გატანილი 450 გოლია.