რადიო Cope ადასტურებს ინფორმაციას, რომელიც დანიელ რიოლომ ამ ორშაბათს RMC-ის გადაცემაში After Foot გაავრცელა - მადრიდის რეალმა მბაპეს მუხლის ტრავმის საწყის დიაგნოზში უხეში შეცდომა დაუშვა.
მძიმე შეცდომა - როგორც რიოლომ განმარტა, მბაპე საფრანგეთში ერთ-ერთ წამყვან მუხლის სპეციალისტთან მივიდა.
„ამავე დროს ვიცით, რომ მადრიდში დიაგნოზი არასწორი იყო, რადგან ის აშკარად უკმაყოფილო და გაბრაზებულიც კი იყო. ის მივიდა ექიმთან (საფრანგეთში), რომელმაც დაადგინა, რომ მადრიდში ცუდად იმუშავეს.“ - თქვა მან.
After Foot-ის ჟურნალისტის თქმით, ამის შემდეგ რეალმა თავისი სამედიცინო შტაბი დაუყოვნებლივ გაათავისუფლა.
„უკვე საკმაოდ უცნაურია, რომ კლუბმა იანვარში სამედიცინო შტაბი გაათავისუფლა. გვეუბნებოდნენ, რომ ეს ხშირი ტრავმების გამო მოხდა. მე კი შემიძლია ვთქვა, რომ ეს მბაპეს მუხლის დიაგნოზის კატასტროფული შეცდომის გამო მოხდა - უფრო მეტიც, ეს იყო უდიდესი შეცდომა. სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს ყველა, პლუს ტრავმების სერია, მაგრამ მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო.“
მბაპეს მარცხენა მუხლის ნაცვლად, მათ მარჯვენა მუხლი გამოიკვლიეს.
კილიან მბაპემ კონსულტაცია ბერტრან სონერი-კოტესთან გაიარა, რომელმაც დაადასტურა, რომ მადრიდის სამედიცინო შტაბმა „ცუდად იმუშავა“. მან ფეხბურთელს კუნთების გამაძლიერებელი პროგრამა შესთავაზა, რომელმაც ოპერაციის თავიდან აცილება და აღდგენა შესაძლებელი გახადა.
„რეალმა საწყის დიაგნოზში არასწორი მუხლი შეამოწმა - მარცხენის ნაცვლად მარჯვენა,“ - აღნიშნა ესპანელმა ჟურნალისტმა მიგელ ანხელ დიასმა.
თავად მბაპემ პარიზში მკურნალობაზე ისაუბრა: „ჩემი მუხლი? ძალიან კარგად არის. ვიცი, რომ ბევრი სპეკულაცია იყო და ბევრი რამ ითქვა, მაგრამ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. ასეთია ტოპ სპორტსმენის ცხოვრება - ადამიანები გადამოწმების გარეშე ამბობენ რაღაცებს და ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება…
მე ამას მიჩვეული ვარ. მაგრამ ყველაფერი კარგადაა, 100%-ით გამოვჯანმრთელდი. გამიმართლა, რომ პარიზში დაბრუნებისას სწორი დიაგნოზი მივიღე და ერთად შევძელით საუკეთესო გეგმის პოვნა, რომ სეზონის ბოლოსთვის და მსოფლიო ჩემპიონატისთვის საუკეთესო ფორმაში ვიყო.“ - განაცხადა მან ფრანგული კომპანია Alan-ის ღონისძიებაზე.