-
Aa
+
ფონტის ზომა
ტიერი ანრის მიერ 2002-03 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი (20 ასისტი) უკვე 20 წელზე მეტია ხელშეუხებელია. მას შემდეგ ამ ნიშნულს მხოლოდ კევინ დე ბრუინმა მიაღწია 2019-20 წლების სეზონში, თუმცა წელს გამოჩნდა ფეხბურთელი, რომელსაც ლეგენდარული ფრანგისა და ბელგიელის მიღწევის გაუმჯობესების რეალური შანსი აქვს.
ეს ბრუნო ფერნანდეშია. მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანს უკვე 16 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, სეზონის დასრულებამდე კი კიდევ 8 ტურია დარჩენილი. ბრუნომ უკვე გადაასწრო დევიდ ბექჰემს და კლუბის ისტორიაში ერთ სეზონში შესრულებული ასისტების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა. მაიკლ კარიკის მოსვლის შემდეგ, პორტუგალიელი უფრო წინ, შემტევ პოზიციაზე გადავიდა და მისი ამჟამინდელი ფორმა მიანიშნებს, რომ ანრისა და დე ბრუინის შედეგი სრულიად მიღწევადია.
თუმცა, ისტორია გვაფრთხილებს, რომ პრემიერ ლიგის ასისტების რეკორდი ხშირად „წყევლასავითაა“. ბოლო წლებში ბევრი ვარსკვლავი მიახლოებია ამ ნიშნულს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ყველას ტემპი უვარდებოდა. მაგალითად, 2015 წელს მესუთ იოზილმა 17 ტურში 15 ასისტი მიითვალა, თუმცა სეზონი მაინც 19 გადაცემით დაასრულა. მსგავსი რამ დაემართათ სესკ ფაბრეგასს, მოჰამედ სალაჰს და გასულ სეზონში ბუკაიო საკასაც. ხშირად მიზეზი გადაღლილობა, ტრავმები ან მეტოქეების მიერ მათი თამაშის გაშიფვრა ხდებოდა.
იოზილის შემთხვევაში, რეკორდის დამყარებას ხელი მისმა თანაგუნდელმა, ოლივიე ჟირუმ შეუშალა, რომელმაც სეზონის მეორე ნახევარში 15-მატჩიანი უგოლოს სერია გამოაცხო, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი მომენტებს ჩვეული სიხშირით ქმნიდა.
ბრუნო ფერნანდეშისთვის კი ყველაფერი პოზიტიურად ჩანს. მანჩესტერ იუნაიტედი წელს ევროტურნირებსა და თასებს ნაადრევად გამოეთიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდს კვირაში მხოლოდ ერთი თამაში უწევს. პორტუგალიელი დასვენებულია, კარიკის ხელში თავისუფლად თამაშობს და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც თითქმის გარანტირებული აქვთ.
თუ ბრუნო ფერნანდეში ამ ტემპს შეინარჩუნებს, ის არა მხოლოდ ანრის რეკორდს დაამხობს, არამედ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მთავარი ფავორიტიც გახდება, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ლიდერ არსენალს წელს გამოკვეთილი ინდივიდუალური კანდიდატი არ ჰყავს.

თამარ თაბუკაშვილი
19 მარ, 2026
კომენტარები