დარჩება თუ არა ბუდუს ჰაიდენჰაიმი ბუნდესლიგაში და გაოფიციალურდება თუ არა კვარას ზედიზედ მეორე ლიგა ერთის ტიტული - გერმანია ბოლო, ხოლო საფრანგეთი ბოლოსწინა ტურის მოლოდინშია. ამ კვირაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობით კიდევ არაერთი საინტერესო დაპირისპირება გველის.
ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალში
ქართველი ჩოგბურთელი რომის მასტერსზე წარმატებულად გამოსვლას აგრძელებს - ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-6 ჩოგნის, ბენ შელტონის დამარცხების შემდეგ, ბრანდონ ნაკაშიმაც დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე ATP რეიტინგის მე-14 ჩოგანი, რუსი ანდრეი რუბლევი იქნება - შეხვედრა 12 მაისს, 13:00 გაიმართება.

ხვიჩა კვარაცხელია vs ლანსი
შინ, ბრესტთან გამარჯვების შემდეგ, საფრანგეთის ჩემპიონატის გადადებულ, 29-ე ტურის შეხვედრაში კვარას პსჟ მეორეადგილოსან ლანსს ეწვევა. ქართველის გუნდს ჩემპიონობის გასანაღდებლად ფრეც ჰყოფნის. მატჩი ოთხშაბათს, 13 მაისს, 23:00 გაიმართება.

ბუდუ ზივზივაძე vs მაინცი
მიუხედავად იმისა რომ ჰაიდენჰაიმი ბოლო შვიდ მატჩში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, გასავარდნი ზონიდან ამისვლას მაინც ვერ ახერხებს. ქართველის გუნდმა 33-ე ტურში გასვლაზე კიოლნი, დამაჯერებლად 1:3 დაამარცხა და ბოლო ტურის წინ გასავარდნ-დასარჩენ პლეიოფის ზონაში მოხვედრის იმედი დაიტოვა.

ჰაიდენჰაიმი ბოლო ტურში მე-10 ადგილზე მყოფ მაინცს უმასპინძლებს, ხოლო სანკტ პაული ვოლფსბურგს. გავარდნა-დარჩენისთვის მებრძოლ სამივე გუნდს ქულების თანაბარი რაოდენობა აქვთ. ბოლო ტურის ყველა მატჩი შაბათს, 16 მაისს, 17:30 გაიმართება.

გიორგი გულიაშვილი vs რეალ ვალიადოლიდი
გიორგი გულიაშვილის რასინგი ლა ლიგას კვირიდან კვირამდე უახლოვდება. ქართველის გუნდი ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე მეორე და მესამეადგილოსან დეპორტივოსა და ალმერიას 4 ქულით უსწრებს.
ლა ლიგა 2-ის მე-40 ტურის მატჩში სანტანდერის რასინგი რეალ ვალიადოლიდს უმაპსინძლებს - მატჩი შაბათს, 16 მაისს 20:30 გაიმართება.

მიქაუტაძე vs სევილია
გიორგი მიქაუტაძის ჩემპიონთა ლიგაზე გასული ვილიარეალი გასულ ტურში მალიორკას ეწვია და ფრედ 1:1 ითამაშა. ყვითელი წყალქვეშა ნავი 36-ე ტურის შეხვედრაში დასარჩენად მებრძოლ სევილიას უმასპინძლებს - მატჩი ოთხშაბათს, 13 მაისს, 21:00 გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი ლისაბონის სპორტინგი რიო ავეს ეწვევა - ქოჩორაშვილის გუნდის მატჩი ორშაბათს, 23:15 გაიმართება.
გიორგი გოჩოლეიშვილის ჰამბურგი ბაიერ ლევერკუზენს ეწვევა, ხოლო ოთარ კიტეიშვილისა და გიზო მამაგეიშვილის შტურმი, შინ ვენის რაპიდს მიიღებს.