ჩელსის ტრავმების ეპიდემია არ წყდება – ლიამ როსენიორმა ნიუკასლთან მარცხის შემდეგ გუნდში არსებულ საკადრო პრობლემებზე ისაუბრა და ფანებს არასახარბიელო ინფორმაცია გაუზიარა.
ყველაზე დიდი დარტყმა ჯეიმი გიტენსის რეაბილიტაციის პროცესს უკავშირდება. როსენიორი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იმედოვნებდა, რომ 21 წლის ვინგერი ნიუკასლის წინააღმდეგ განაცხადში იქნებოდა, თუმცა გიტენსი მოედანზე არ გამოჩენილა. როგორც გაირკვა, ფეხბურთელმა გუშინდელ ვარჯიშზე კვლავ იგრძნო ტკივილი ბარძაყის არეში.
გიტენსს იანვრის შემდეგ, ვესტ ჰემთან მატჩში მიღებული ტრავმის გამო, უკვე 10 შეხვედრა გაუცდა. მის არყოფნაში ჩელსის შეტევას აშკარად აკლდა სიმწვავე, რის გამოც გუნდმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ მესამედ ვერ მოახერხა გოლის გატანა.
„თავის მართლებას არ დავიწყებ, ტრავმები ფეხბურთის ნაწილია, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი სამი უმნიშვნელოვანესი შემტევი გვაკლია. სწორედ ვინგერებია საჭირო მეტოქის მჭიდრო დაცვის გასარღვევად. ჯეიმი სათადარიგო სკამზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვარჯიშის ბოლოს ტკივილი იგრძნო და ახლა დამატებით შემოწმებას ველოდებით,“ – განაცხადა როსენიორმა.
მწვრთნელმა ასევე აღნიშნა, რომ ესტევაო ტრავმირებულია, ხოლო პედრო ნეტუ დისკვალიფიკაციის გამო აკლიათ, რაც როტაციის საშუალებას არ იძლევა. პრობლემებია სამეკარეო ხაზშიც: ფილიპ იორგენსენმა ვარჯიშზე საზარდული დაიზიანა, რის გამოც ნიუკასლთან განაცხადში ვერ მოხვდა. როსენიორი იმედოვნებს, რომ დანიელი კიპერი მალე დაბრუნდება, თუმცა რობერტ სანჩესის დღევანდელი თამაშით კმაყოფილი დარჩა.
რაც შეეხება ჯოშ აჩეამპონგს, მისი შემადგენლობის მიღმა დატოვება ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო. მწვრთნელის თქმით, ნიუკასლის ფიზიკურად ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მას უფრო გამოცდილი მცველები დასჭირდა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელი პსჟ-სთან სამშაბათს გასამართი მატჩისთვის კვლავ გუნდის გეგმებშია.