ლონდონის ჩელსი მორიგი სამწვრთნელო ცვლილებების პირასაა.
მას შემდეგ, რაც არისტოკრატები ჩემპიონთა ლიგას პსჟ-სთან მარცხის შემდეგ გამოეთიშნენ, ხოლო პრემიერ ლიგაში ევერტონთან 0:3 განადგურდნენ, მთავარ მწვრთნელ როსენიორს სკამი შეერყა.
იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ ჩელსის ხელმძღვანელობა როსენიორის შედეგებით უკმაყოფილოა. თუ გუნდი 2026/27 წლების სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, როსენიორს ზაფხულში აუცილებლად დაითხოვენ. ამ ფონზე, მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა ნიკი ბატი კლუბს საინტერესო გამოსავალს სთავაზობს: ფრენკ ლამპარდის დაბრუნებას.
ლამპარდი ამჟამად ქოვენთრი სიტიში მუშაობს და ბრწყინვალე შედეგებს აჩვენებს. ბატის აზრით, სტემფორდ ბრიჯზე მისი ხელმეორედ მიწვევა სულაც არ იქნებოდა სისულელე:
პირველად ფრენკმა ეს სამუშაო ძალიან ადრე მიიღო, თანაც მაშინ სატრანსფერო ბლოკადა იყო და მხოლოდ ახალგაზრდებზე უწევდა დაყრდნობა. ახლა მას გაცილებით მეტი გამოცდილება აქვს და ქოვენთრი სიტიში თავისი საქმე კარგად იცის. ვფიქრობ, დღევანდელი გამოცდილებით ლამპარდი ჩელსიში საოცარ სამუშაოს შეასრულებდა.
პარალელურად, როსენიორის დანიშვნას კვლავ აკრიტიკებს არსენალის ლეგენდა პოლ მერსონი. მისი თქმით, როსენიორი ამ დონის კლუბში მუშაობისთვის მზად არ იყო:
ლივერპულიდან არნე სლოტი რომ წავიდეს, ან ედი ჰაუმ ნიუკასლ იუნაიტედი დატოვოს, ვინმე როსენიორს გასაუბრებაზე მაინც დაუძახებდა? ეს სიგიჟეა. ჩელსის გულშემატკივრები მას პირველივე დღიდან აკრიტიკებენ და თუ გუნდი ხუთეულში ვერ შევა, ხელმძღვანელობა მას აუცილებლად გაუშვებს.
ამჟამად ჩელსი პრემიერ ლიგაში მეექვსე ადგილზეა, თუმცა ბრენტფორდი და ევერტონ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან, რაც ლონდონელების ევროთასების მიღმა დარჩენის რისკს კიდევ უფრო ზრდის.