რეალის მეკარემ, ტიბო კურტუამ, კლუბში მწვრთნელის ცვლილებასა და ჩემპიონთა ლიგაზე მონაკოსთან გამანადგურებელ გამარჯვებაზე (6:1) ისაუბრა.
— ტიბო, გილოცავთ ასეთ გამარჯვებას. მეორე მხრივ, მეკარისთვის ალბათ მაინც არასასიამოვნოა, როცა 5:0-ზე გოლი გაგდის?
— რა თქმა უნდა, 5:0-ზე გოლის გაშვება არავის უნდა. თუმცა სიმართლე ისიც არის, რომ მონაკოს ბევრი მომენტი ჰქონდა: მეტოქემ ექვსი-შვიდჯერ დაარტყა კარში და მქონდა განცდა, რომ გოლი შეიძლებოდა გასულიყო.
საბოლოოდ სულელური შეცდომა დავუშვით, ასეც ხდება. მაგრამ, მთლიანობაში გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. სწორედ ამ გზით უნდა გავაგრძელოთ.
— როგორ ეჩვევა გუნდი ახალ მთავარ მწვრთნელს, ალვარო არბელოას? შეიცვალა რამე ვარჯიშებში ან გასახდელში?
— გასახდელში — არა. ვფიქრობ, ჩვენ ყოველთვის რეალზე და გამარჯვების სურვილზე ვართ კონცენტრირებულები.
რაც შეეხება ვარჯიშებს — დიახ, რა თქმა უნდა, სხვა მწვრთნელია. მას აქვს განსხვავებული სამუშაო მეთოდები, განსხვავებული ხედვა იმისა, როგორ უნდა ვითამაშოთ შეტევაში და დაცვაში. მაგრამ საბოლოოდ, ეს ფეხბურთელებმა უნდა აჩვენონ მინდორზე და დღეს, ვფიქრობ, ეს შევძელით.
— რა იგრძენით, როცა გაიგეთ, რომ ჩაბი ალონსო გაუშვეს?
— ეს კლუბის გადაწყვეტილებაა და ჩვენ, ფეხბურთელები, უნდა შევეგუოთ. დიახ, შესაძლოა ბოლო კვირებში ყველაფერი საუკეთესოდ არ მიდიოდა, მაგრამ მაინც ვიგებდით. საბოლოოდ ასეთ გადაწყვეტილებებს კლუბი იღებს და ჩვენ ამას ვერ შევცვლით.
— გასულ უქმეებზე რეალისთვის ყველაფერი კარგად დაემთხვა: თქვენ ლევანტე დაამარცხეთ, ბარსელონა სან სებასტიანში დამარცხდა და ახლა მხოლოდ ერთი ქულით გისწრებთ. ამან გუნდის განწყობაზე იმოქმედა მონაკოს მატჩის წინ?
— სუპერთასზე მარცხისა და თასიდან გამოვარდნის შემდეგ, სახლში მოგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს გავაკეთეთ. მნიშვნელობა არ აქვს, ბარსელონამ წააგო, ფრედ ითამაშა თუ სხვა რამ მოხდა. ეს სასიამოვნოა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში საკუთარ თავზე ვკონცენტრირდებით. ასეც უნდა იყოს.
— ეს 6:1 მონაკოსთან დამატებით თუ შემატებს გუნდს თავდაჯერებას?
— დიახ, ნამდვილად. ჩემპიონთა ლიგაზე 6:1-ის მოგება ყოველთვის კარგია. ვიმედოვნებთ, რომ იმავე სულისკვეთებით გავაგრძელებთ.
შაბათს ძალიან რთული გასვლითი მატჩი გველის ვილიარეალთან, რომელიც ჩემპიონატში მესამე ან მეოთხე ადგილზეა. თუ იქ მოვიგებთ, ყველაფერი კარგად იქნება, — თქვა ბელგიელმა.