ლივერპულის ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა, რეალის ვინგერი, ვინისიუს ჯუნიორი მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სწორედ ბრაზილიელის ქცევამ გამოიწვია მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ჩაბი ალონსოს წასვლა.
— ლევანტესთან მატჩში რეალის ფეხბურთელები სტვენით გააცილეს, განსაკუთრებით ვინისიუსი. რატომ?
— იმიტომ, რომ მთავარი პრობლემა სწორედ ის არის. ზუსტად მის გამო დაკარგა მწვრთნელმა სამსახური. ყველამ ვიცით, რა მოხდა და როგორ მუშაობს ყველაფერი. ასეთ დროს, როგორც მინიმუმ გვირაბში ფანების სტვენის გამო ტირილს ნუ დაიწყებ, რადგან შენ ხარ მწვრთნელის გათავისუფლების მთავარი მიზეზი!
ბარსელონასთან მოგებულ მატჩში ის მოედნიდან გაიყვანეს. ალონსო აშკარად თამაშის ჩაკეტვას და გამარჯვების ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობდა. ვინისიუსმა კი ხელების ქნევა დაიწყო და განაცხადა, რომ ჯობდა, გუნდიდან წასულიყო და კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, თუ ალონსო დარჩება.
მატჩის შემდეგ მან განცხადება გაავრცელა, სადაც ბოდიში მოუხადა გულშემატკივრებს და თანაგუნდელებს, მაგრამ არა მწვრთნელს. სწორედ ამიტომ დაკარგა ალონსომ სამსახური — იმიტომ, რომ კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი შეშინებულია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა შესაძლოა კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს.
— საერთოდ არ გაქვს თანაგრძნობა?
— საერთოდ არა. ვამბობ მხოლოდ იმას, რომ გულშემატკივრებმა ყველაფერი სწორად დაინახეს. მსგავსი სიტუაციები აქამდეც მომხდარა. ჩაბი ალონსო რეალის ლეგენდაა — არა როგორც მწვრთნელი, არამედ როგორც ფეხბურთელი. მან იქ ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა მოიგო. აშკარაა, რომ ის ძალიან ძლიერი ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელიც ჯერ კიდევ სწავლობს.
ვინისიუსს ამის გამო არ ვაკრიტიკებ, რადგან მადრიდში ასე მუშაობს სისტემა. სხვა ფეხბურთელებიც იქცეოდნენ ასე წარსულში და მწვრთნელები სამსახურს კარგავდნენ. ალონსომ ეს იცოდა, იცოდა, რაში ერთვებოდა. მაგრამ გვირაბში ტირილი არ დაუწყია!
— ღმერთო ჩემო, ჩვენ ყველას გვიტირია გვირაბში, — ჩაერთო საუბარში მანჩესტერ სიტის ყოფილი, მცველი მაიკა რიჩარდსი.
— შეიძლება, მაგრამ ასე არ უნდა მოიქცე. არ უნდა გააკეთო ის, რაც მან გააკეთა, — უპასუხა კარაგერმა.