რონალდინიომ ისეთი ცხოვრებით იცხოვრა, რომელიც ბევრს შურს: მსოფლიო ჩემპიონობა, ჩემპიონთა ლიგის თასი და ოქროს ბურთი.
თუმცა, კარიერის დასრულების შემდეგ ბრაზილიელი ჯადოქრის ცხოვრებაში ყველაფერი აირია. 2020 წელს ის პარაგვაის ციხეში ყალბი პასპორტის გამოყენების გამო აღმოჩნდა. ამ მოვლენას ფეხბურთელმა „ცხოვრების ყველაზე ცუდი მომენტი“ უწოდა.
Netflix-ის ახალ დოკუმენტურ ფილმში რონალდინიო გულახდილად საუბრობს იმ პერიოდზე, როცა ოქროს ბურთის მოგებიდან ზუსტად 15 წელიწადში გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.
„ეს იყო საშინელება“ - რონალდინიო დაპატიმრებაზე
ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის რეალის მოსისხლე მტრის, ბარსელონას ყოფილი ვარსკვლავი იხსენებს, რომ პატიმრობა მისთვის უდიდესი დარტყმა იყო:
პარაგვაიში დაპატიმრება, ეჭვგარეშეა, ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი მომენტი იყო. რატომ მქონდა ის პასპორტი? ის მომცეს. ერთმა ადამიანმა სახლში მომიტანა. აღმოჩნდი სიტუაციაში, როცა არაფერი დაგიშავებია, მაგრამ მაინც გამოკეტილი ხარ. ეს საშინელებაა
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის მოქალაქეებს პარაგვაიში სამოგზაუროდ პასპორტი საერთოდ არ სჭირდებათ, რამაც ეს შემთხვევა კიდევ უფრო აბსურდული გახადა. საბოლოოდ, რონალდინიოს 153,000 ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუწია ზიანის ასანაზღაურებლად.
მესიმ რონალდინიო ციხიდან დაიხსნა?
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც დოკუმენტურ ფილმშია ნახსენები, ლიონელ მესის უკავშირდება. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სწორედ არგენტინელმა გადაიხადა გირაო - 1.3 მილიონი ფუნტი, რათა მისი ყოფილი თანაგუნდელი გაეთავისუფლებინათ. რონალდინიომ ეს ინფორმაცია დაადასტურა:
როცა მესიმ ციხიდან გამომიყვანა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, სრულიად გაკოტრებული. მის სანახავად მივედი მადლობის გადასახდელად და მან ბარსელონას მაისური მაჩუქა, სადაც მისი და გუნდის სხვა წევრების ხელმოწერები იყო
რონალდინიოს თქმით, მესის ამ ჟესტმა ის ცრემლებამდე მიიყვანა. მათი მეგობრობა ჯერ კიდევ ბარსელონაში დაიწყო, სადაც 2005 წელს მესიმ თავისი პირველი გოლი სწორედ ბრაზილიელის საგოლე გადაცემით გაიტანა.
