UFC-ის ყოფილმა ვარსკვლავმა და საჩემპიონო ქამრის ყოფილმა პრეტენდენტმა, დარენ ტილმა, BKFC-ში (Bare Knuckle Fighting Championship - მუშტების ჩხუბი ხელთათმანების გარეშე) დებიუტის წინ თავისი საოცარი ფიზიკური ტრანსფორმაციის შესახებ ისაუბრა.
ბირმინგემში გამართული აწონვის ცერემონიალზე 33 წლის ტილმა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი წონა - 85.6 კგ დააფიქსირა, რამაც გულშემატკივრებში ეჭვები და სტეროიდების გამოყენებაზე ჭორები გამოიწვია.
არიელ ჰელვანის შოუში სტუმრობისას, ტილმა ბრალდებები მკაცრად უარყო და განაცხადა, რომ მისი ფორმა მხოლოდ თავდაუზოგავი შრომის შედეგია:
გავიგე რამდენიმე ადამიანის შეძახილი სტეროიდებზე და ამან ძალიან გამანაწყენა, რადგან ეს სუფთა, მძიმე შრომის შედეგია. მე ამ საქმეში არასდროს ჩავრეულვარ. პირველ რიგში, წარმოდგენაც კი არ მაქვს, როგორ უნდა მივუდგე ამ საკითხს.
ჩემი აზრით, იმ ადამიანებს, ვინც ამას იყენებს, რაც, სხვათა შორის, UFC-ის როსტერის 90%-ს შეადგენს, ზურგს ექიმები და მთელი სისტემა უმაგრებთ. ამ ყველაფერს ზედმეტი წვალება სჭირდება, USADA-ს (ანტიდოპინგური სააგენტო) ტესტებს უნდა აარიდო თავი და ა.შ. მართლა არ ვიცი, ეს როგორ კეთდება.
ტილმა ადრე აღიარა, რომ მუხლის ქრონიკული ტრავმების გამო, შერეულ ორთაბრძოლებში (MMA) დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა წმინდა დარტყმითი სტილის დისციპლინაში (BKFC) ეს პრობლემა ხელს არ უშლის.
ბრიტანელმა მებრძოლმა ორგანიზაციასთან 3-მატჩიანი კონტრაქტი გააფორმა და წარმატებული დებიუტის შემდეგ, გულშემატკივრები მის პოტენციურ მეტოქეებად მაიკ პერისა და ხორხე მასვიდალს განიხილავენ.