-
Aa
+
ფონტის ზომა
… როგორ იხილა ფეხბურთის სამყარომ პლანეტის უდიადესი ფეხბურთელის ისტორიის დასასრული იმ კოშმარული ამბით, რომელმაც ოთხი მსოფლიო ჩემპიონატისგან შემდგარი ჯაჭვი გაწყვიტა.
დიეგო არმანდო მარადონას - ფეხბურთის ამ ღვთაებრივი სახელის ბოლო მუნდიალის უკანასკნელი ეპიზოდი ხომ უდიდესი იმედგაცრუების სინონიმია.
1994 წლის მსოფლიო პირველობაში მარადონას როლი მოკლეა, თუმცა - ყველაზე ხმაურიანი. ტურნირზე მისი სათამაშო დრო მხოლოდ ორ მატჩს მოიცავდა, თუმცა სწორედ ამ 173 წუთამდე მისასვლელი რთული გზა და მისი შემდგომი მოვლენებია ის ადგილი, სადაც დიეგოს მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატის გულსატკენი ამბავი იმალება.
იმ დროს, როცა 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი თავის მეორე სამშობლო იტალიაში წააგო, დიეგო მარადონა ნაპოლიში ასპარეზობდა. უკვე დიდი ხანი დადიოდა ხმები ნეაპოლში ცხოვრებისას მის მაფიასთან კავშირებზე, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარებაზე, უკანონო შვილზე... საბოლოოდ კი ყველაფერი გამოაშკარავდა.
1991 წლის მარტში, ბარის წინააღმდეგ სერია A-ს მატჩის შემდეგ, არგენტინელ სუპერვარსკვლავს კოკაინზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა და ამის შემდეგ FIFA-მ ფეხბურთიდან 15 თვით მოკვეთა. ზოგი წყარო ამტკიცებდა, რომ მარადონა ნარკოტიკების პრობლემას ჯერ კიდევ ბარსელონაში თამაშის დროიდან ებრძოდა… ახლა კი ყველა ჭორი რეალობად იქცა. სიტყვას ნარკომანი, უკვე დაუფარავად ისროდნენ მისი მისამართით, რაც იდეალურად ერწყმოდა ეპითეტ თაღლითს, რომელსაც ბრიტანული პრესა კვლავაც არ იშურებდა მარადონას
სახელის ხსენებისას.
არადა, შოკირებულ საფეხბურთო სამყაროში გულშემატკივრებისთვის დიეგო ის ფეხბურთელიც იყო, რომელიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ჩნდებოდა მუნდიალზე, რათა უსაზღვრო სიხარული მიენიჭებინა გულმხურვალე ქომაგებისთვის. იმ პერიოდში ხომ მარადონა საუკეთესო იყო, ვინც კი ოდესმე მწვანე მინდორზე ჰყავდათ ნანახი.
დიეგომ იტალია დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა, რათა დისკვალიფიკაციის ვადა კომფორტული იზოლაციის პირობებში გაეტარებინა. ამ დროს კი ფეხბურთი მის ცხოვრებაში უკვე აღარ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რამ.
დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ მარადონამ სევილიასთან გააფორმა კონტრაქტი, სადაც კვლავ შეხვდა თავის მსოფლიო ჩემპიონ მწვრთნელს, კარლოს ბილარდოს.
არგენტინელმა ლეგენდამ ესპანური კლუბის მაისურით ჯამში 30 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. 1992-93 წლების სეზონის ბოლოს კი სამშობლოში დაბრუნდა და ნიუელს ოლდ ბოიზს შეუერთდა. ეს იყო იმის შანსი, რომ ფეხბურთელი მსოფლიოს უდიდეს სცენაზე კიდევ ერთხელ ეხილა სამყაროს.
ამასობაში, „ალბისელესტეს“ მთავარ ტურნირზე გასვლა უჭირდა. ბუენოს აირესში კოლუმბიასთან გამანადგურებელი მარცხი (0:5) არამარტო იმ საკვალიფიკაციო კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომენტი იყო, დღემდე ერთ-ერთ უდიდეს იმედგაცრუებად ითვლება არგენტინაში. მარადონა კი, ისევე როგორც მთელი ქვეყანა, ტრიბუნებიდან უყურებდა ხსენებულ სავალალო თამაშს და ვერაფრით ახერხებდა საყვარელ ნაკრებზე გავლენის მოხდენას…
ეროვნული გუნდის სათავეში ალფიო „კოკო“ ბასილე გახლდათ, რომელმაც გადაწყვიტა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იმავე შემადგენლობას დაყრდნობოდა, რომელმაც უკანასკნელი კოპა ამერიკა მოიგო, ამიტომაც ყველას ეგონა, რომ „ალბისელესტე“ მსოფლიო ჩემპიონატზე იოლად გავიდოდა. იტალია 90-ის შემდეგ არგენტინის ნაკრებში ხომ ახალი თაობა ჩამოყალიბდა, რომელშიც შედიოდნენ გაბრიელ ბატისტუტა, დიეგო სიმეონე, ფერნანდო რედონდო, ხოსე ჩამოტი, რამონ მედინა ბელო და გამოცდილი კლაუდიო კანიჯა, შედეგად, ყოფილი კაპიტანი მხოლოდ გაწბილებულ მაყურებლად დარჩა. წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით კი ეს გადაწყვეტილება ლოგიკური იყო.
შემდეგ დადგა ჭეშმარიტების მომენტი, როგორც იტყვიან — მოწოდება იარაღისკენ, SOS სიგნალი, ლოცვა ზეცისკენ: მთელმა ქვეყანამ ერთხმად უხმო დიეგო არმანდო მარადონას.
ბასილეს გუნდმა ბოლო შანსი მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად. ავსტრალიის წინააღმდეგ ორმატჩიანი პლეი-ოფის დასაძლევად კი „ალბისელესტეს“ დიეგო სჭირდებოდა. ასე რომ, კიდევ ერთხელ, როგორც უბრალო მოკვდავთა გულმხურვალე ლოცვების შემსმენი მფარველი ანგელოზი, მარადონა თავისი ქვეყნის ნაკრებს გადასარჩენად მოევლინა.
ავსტრალიაში გამართული პირველი მატჩის ფრედ (1:1) დასრულების შემდეგ, არგენტინამ ბუენოს აირესის „ესტადიო მონუმენტალზე“ მინიმალური ანგარიშით მოიგო: ერთადერთი გოლი რიკოშეტის შედეგად გავიდა, თუმცა ეს ვის ადარდებდა?! კაპიტანი და მთავარი თილისმა მეოთხედ უნდა გაძღოლოდა ეროვნულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.
მუნდიალის დაწყებამდე, თებერვალში, მარადონამ მოულოდნელად არგენტინის ნაკრები დატოვა, რადგან მისი თქმით, მასზე ზედმეტ ზეწოლას ახდენდნენ და საზოგადოების მოლოდინებს ფსიქოლოგიურად ვეღარ უმკლავდებოდა.
ჟურნალისტები ორი დღის განმავლობაში მის სახლთან იყვნენ დაბანაკებულები და მტკივნეული გადაწყვეტილების ახსნას ითხოვდნენ. დიეგომ სიტყვების ნაცვლად ქმედება აირჩია და სახლის ეზოდან პნევმატური თოფით ესროლა შეკრებილ ჟურნალისტებს, რის შედეგადაც პრესის ოთხი წარმომადგენელი დაშავდა. ხალხმა პოლიცია გამოიძახა, დაჭრილებმა კი სამართლებრივი პროცედურები დაიწყეს…
ივნისამდე ყველაფერი მოგვარდა. გადაწყდა, რომ შეერთებულ შტატებში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს დიეგო არმანდო მარადონას მონაწილეობაც დაამშვენებდა.
ამ დროს განხილვის თემა იყო ჭორი, თითქოსდა FIFA-მ ტურნირის დაწყებამდე იცოდა არგენტინელის ნარკოტიკების მოხმარების შესახებ და მას დოპინგ- ტესტირებისგან თავისუფალი გზა მისცა აკრძალული ნივთიერებების გამოყენების გასაგრძელებლად, რათა ტურნირისთვის ფორმაში შესულიყო. ამის მიზეზი კი FIFA-ს ერთგვარი შიში იყო, რომ არასაფეხბურთო ქვეყანაში ჩასატარებელ ჩემპიონატს ვარსკვლავური სახელები არ მოკლებოდა.
მუნდიალზე ფავორიტის რანგში ჩასულმა არგენტინამ პირველი მატჩი საბერძნეთის წინააღმდეგ გამართა. მასაჩუსეტსის ქალაქ ფოქსბოროს სტადიონზე შეკრებილმა 54 ათასზე მეტმა გულშემატკივარმა ბატისტუტას ჰეთ-თრიქთან ერთად მარადონას ღვთაებრივი ცაციით გასროლილი შედევრი გოლიც იხილა.
უმალ დაისვა კითხვა: შეძლებდა თუ არა არგენტინის ლეგენდარული 10 ნომერი ნაკრებთან ერთად კიდევ ერთხელ ჩემპიონობას?
ბასილეს გუნდის შემდეგი მეტოქე ნიგერია იყო. დებიუტანტმა, მაგრამ საკმაოდ ძლიერმა აფრიკელებმა ანგარიში მოულოდნელად, მე-8 წუთზე გახსნეს, მაგრამ არგენტინელებს პანიკა არ დასტყობიათ და 28-ე წუთისთვის კლაუდიო კანიჯას დუბლით წესრიგი უკვე აღდგენილი იყო. ორივე გოლი დიეგოს მიერ საჯარიმო დარტყმების გათამაშების შედეგად გავიდა. არგენტინამ თამაში მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე, თუმცა მარადონამ მოედანი სამედიცინო პერსონალის თანამშრომელ ქალთან ხელჩაკიდებულმა დატოვა — სწორედ მას ევალებოდა ლეგენდარული კაპიტნის დოპინგ-ტესტირების ზონაში მიყვანა.
ფეხბურთში, მითუმეტეს მსოფლიო ჩემპიონატზე, იშვიათი სანახავია, როდესაც მოთამაშეს მოედნიდან ტესტირების წარმომადგენლები აცილებენ. მარადონა კი იღიმოდა, გულშემატკივრებს ხელს უქნევდა და კვლავ მაგრად ეჭირა მედპერსონალის მარცხენა ხელი…
ოთხი დღის შემდეგ, 29 ივნისს, FIFA-ს გენერალურმა მდივანმა ზეპ ბლატერმა განაცხადა: „შარდის ნიმუშის ორივე ანალიზმა დადებითი შედეგი აჩვენა. შესაბამისად, არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ დაარღვია დოპინგ-კონტროლის რეგულაციები არგენტინა-ნიგერიის მატჩში.“
მარადონას ეფედრინზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა, რამაც საფეხბურთო სამყარო შეძრა. ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატიდან დაუყოვნებლივ მოკვეთეს და კვლავ 15-თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. არგენტინის ნაკრები დემორალიზდა, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ბულგარეთთან (0:2) წააგო, მერვედფინალი კი - რუმინეთთან (2:3) და ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა…
დღემდე უამრავი ადამიანი მიიჩნევს, რომ მარადონას დოპინგ-სკანდალი FIFA-ს იმჟამინდელი პრეზიდენტის, ბრაზილიელი ჟოაო აველანჟის გეგმის ნაწილი იყო, რათა საკუთარი ქვეყნის ნაკრებისთვის მთავარი კონკურენტი გუნდი ჩამოეშალა.
არასოდეს გაუყვია ერთი ფეხბურთელის სიდიადეს საზოგადოებრივი აზრი ისე ძლიერ, როგორც - მაშინ და არცერთი ფეხბურთელი არ ყოფილა ასე თანაბრად გაღმერთებულიც და მოძულებულიც, როგორც - მარადონა.
დიეგო არმანდო მარადონას ფეხბურთის მიღმა ცხოვრება თავისთავად ცალკე ისტორიაა, თანაც ისეთი, რომლის გახსენება და მოყოლაც არავის ხიბლავს. ის ხომ მაგიური თამაშით ხიბლავდა ქომაგებს, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე იყვნენ მოჯადოვებულნი და მადლიერნი დიდი ათიანით, და არა - სკანდალური ამბებით. ხალხზე მსგავსმა მძაფრმა გავლენამ კი ყველაფრის მიუხედავად, იგი „ფეხბურთის ღმერთად“ აქცია.
მარტოხელა მშობლის მიერ გაზრდილი ბიჭიდან საშიშ მონსტრად ქცეული ფეხბურთელის უნიკალური კარიერა El Pibe de Oro-დან D10S-ამდე, სარეკორდო ტრანსფერით, ნეაპოლიტანური ოქროებით, „საუკუნის გოლით“, „ღმერთის ხელითა“ თუ „ბოკა ხუნიორსში“ გამართული უკანასკნელი ტანგოთი, მარადიულადაა ჩაბეჭდილი ფეხბურთის ყველა იმ ქომაგის გულში, ვისაც მისი ღვთისგან ბოძებული გენიალურობა საკუთარი თვალებით უნახავს. დიეგო არმანდო მარადონას აღზევება და დამხობა ხომ ლუციფერის მსგავსად, ერთ დროს ხალხისთვის სინათლის მომტანის, შემდეგ კი ძირს დაცემული ანგელოზის ისტორიაა, სწორედ ისეთის, როგორი ამაყიცა და ცრემლიანიც ალექსანდრ კაბანელის ცნობილ ტილოზე აღბეჭდილი არსებაა.

პაატა ჩახვაშვილი
კომენტარები