-
Aa
+
ფონტის ზომა
ფეხბურთზე სრულიად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. მიხარია, რომ წავიდა.
მანჩესტერ სიტის ყოფილი ვარსკვლავი თავისუფალი აგენტი იყო, როდესაც გასულ ზაფხულს სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე გადასვლას დათანხმდა.
თუმცა ახალი გამოწვევით ტკბობა დიდხანს ვერ მოახერხა და ოქტომბრის ბოლოს ბარძაყის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მარტამდე ვერ ითამაშა.
ბელგიელმა ფეხბურთელმა საბოლოოდ ნაპოლის მაისურით 21 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 5 გოლი და გააკეთა 4 საგოლე გადაცემა, თუმცა მწვრთნელთან ურთიერთობა ვერ აეწყო.
მსოფლიო ჩემპიონატის წინ Het Nieuwsblad-თან საუბრისას დე ბრუინმა გაამხილა, რამდენად ცუდი იყო მისი ურთიერთობა კონტესთან.
ცხადია, ჩემთვის რთული იყო, რადგან კონტეს ფეხბურთის ხედვა ჩემგან ძალიან განსხვავდება. სიმართლე რომ ვთქვა, არასდროს მომეცა შესაძლებლობა ჩემს საყვარელ პოზიციაზე მეთამაშა.
,,ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველთვის ვცდილობდი გუნდისთვის ყველაფერი გამეღო.“
დე ბრუინმა ასევე გამოხატა უკმაყოფილება კონტესა და მისი ხშირი, მეტისმეტად დაცვითი სათამაშო სტილის მიმართ:
„ძალიან დაცვით ფეხბურთს ვთამაშობდით. თუ ყველა მატჩის მოგებას მხოლოდ ერთი ბურთის სხვაობით ცდილობ და 4-5-1 სქემით თამაშობ, ეს გარკვეული ტიპის ფეხბურთია. სეზონის დასაწყისში კიდევ უფრო ღრმად ვიხევდით უკან.
ჩვენმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა მხოლოდ 10 გოლი გაიტანა, ამიტომ გასაგებია, რომ სტატისტიკა შთამბეჭდავი არ იქნება...
როდესაც ჰკითხეს, უხაროდა თუ არა კონტეს წასვლა ნაპოლიდან, დე ბრუინმა პასუხში არაფერი დამალა:
,,კი. ჩემი მხრიდან რომ შევხედოთ, მას დარჩენა არ ევალებოდა. გასულ ზაფხულს გარკვეული დაპირებები იყო იმის შესახებ, თუ როგორ ვითამაშებდით, მაგრამ საბოლოოდ თითქმის არაფერი შესრულდა.
ეს სამწუხარო იყო. ფეხბურთი სიამოვნებას უნდა განიჭებდეს, სამწუხაროდ კი ეს ასპექტი აკლდა. აზრი არ აქვს ამის დამალვას, ფეხბურთზე განსხვავებული ხედვები გვაქვს. კონტეს ხელმძღვანელობით არასდროს მითამაშია ჩემს პოზიციაზე.“
რაც შეეხება მის მომავალს, მიუხედავად იმისა, რომ კონტე უკვე აღარ არის გუნდის სათავეში, დე ბრუინი ჯერ არაფერს ამბობს დადასტურებით:
კონტრაქტით კიდევ ერთი წელი მაკავშირებს, მაგრამ მინდა ამ საკითხზე ვისაუბრო. გასულ წელს ბევრი ლაპარაკი იყო იმაზე, როგორ ვითამაშებდით და რას გავაკეთებდით, მაგრამ არაფერი განხორციელდა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაპოლის ახალი მწვრთნელის მთავარი კანდიდატი მასიმილიანო ალეგრია, რომელიც შესაძლოა კონტეზეც კი უფრო დაცვით ფეხბურთს ანიჭებდეს უპირატესობას, არ არის გამორიცხული, დე ბრუინმა კლუბის დატოვება გადაწყვიტოს.

თაზო ჩარკვიანი
28 მაი, 2026
28 მაი, 2026
კომენტარები