ვესტ ჰემი და ნიუკასლი სხვადასხვა დროს (2021 და 2022 წლებში) პარი სენ-ჟერმენის ამჟამინდელი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გაფორმებით აქტიურად იყვნენ დაინტერესებულნი.
2021 წელს ქართველი ფეხბურთელის შეძენა სულ რაღაც 20 მილიონ ევროდ იყო შესაძლებელი, თუმცა ვესტ ჰემმა არჩევანი მოსკოვის ცსკა-ს მოთამაშეზე, ნიკოლა ვლაშიჩზე შეაჩერა, რომელშიც 35 მილიონი ევრო გადაიხადა.
ამ გადაწყვეტილებას ლონდონური კლუბი დღემდე უნდა ნანობდეს - ხორვატმა ლონდონ სტადიუმზე მხოლოდ ერთი სეზონი გაძლო და გუნდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სატრანსფერო ჩავარდნად ითვლება. ვესტ ჰემს მისი ყიდვით როგორც მოედანზე, ისე ფინანსური თვალსაზრისითაც ბევრად უკეთესი ბედი ეწეოდა. ვლაშიჩმა ინგლისში 31 მატჩში მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა და მალევე ტორინოში იჯარით გაუშვეს. ჩაქუჩებმა მაშინ არჩევანი იმ მოტივით გააკეთეს, რომ ხორვატს ევერტონიდან პრემიერ ლიგის გამოცდილება ჰქონდა, ხვიჩა კი რუსეთის ჩემპიონატში თამაშობდა.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა The Telegraph წერს, 2022 წელს ნიუკასლ იუნაიტედის ახალმა მფლობელებმა ქართველის ტრანსფერზე უარი თქვეს. იმ პერიოდში კვარაცხელიას ყაზანის რუბინთან კონტრაქტი უკვე შეჩერებული ჰქონდა და დროებით ბათუმის დინამოში თამაშობდა, საიდანაც 3-თვეში, 2022 წლის ივლისში, ნაპოლიმ სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ გამოისყიდა.
ნიუკასლის გარდა, კვარაცხელიას ტრანსფერით 2022 წელს ლედს იუნაიტედიც ინტერესდებოდა, თუმცა საქმე კონკრეტულ შეთავაზებამდე არ მისულა. 2021 წელს კი ფეხბურთელთან რამდენიმე ვიდეოზარი ტოტენჰემმაც განახორციელა, თუმცა სპურსი რუბინის მიერ მოთხოვნილმა 20-მილიონიანმა ფასმა შეაშინა და მათ კლუბს მხოლოდ იჯარა შესთავაზეს.
25 წლის ვარსკვლავმა ნეაპოლში ორნახევარი სეზონი გაატარა, რის შემდეგაც, 2025 წლის იანვარში, პარიზულ გრანდს 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მას შემდეგ ხვიჩა მსოფლიოს საუკეთესო ვინგერად ჩამოყალიბდა და დღეს საღამოს პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი თასის მოგებას შეეცდება.