მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ კლუბში ყოფნა ლუი ვან გალთან უთანხმოების გამო სძულდა.
„ყველაფერი მართლაც კარგად დაიწყო. ყველაფერი თავის კალაპოტში მიდიოდა. შემდეგ ვან გაალთან პრობლემები დამეწყო და იმ მომენტიდან ყველაფერი არასწორად წავიდა.
როგორც უკვე ვთქვი, ძალიან კარგად დავიწყე. ყველაფერი იდეალურად ეწყობოდა. თუმცა შემდეგ მოულოდნელად დაიწყო მუდმივი საუბრები იმაზე, თუ რა გავაკეთე მოედანზე არასწორად. ის არასდროს მეუბნებოდა, რაში ვიყავი კარგი - მხოლოდ ნეგატიურ მომენტებს მიმეორებდა, კიდევ და კიდევ. საბოლოოდ ეს მომბეზრდა.
იქ, ინგლისში ცხოვრება სრულიად განსხვავებული იყო. ძალიან ადრე ბნელდებოდა, შემდეგ სიცივეები დაიწყო. მერე კი ჩემს სახლში მძარცველები შეიჭრნენ. ეს ყველაფერი - როდესაც არ თამაშობ, როცა საქმეები ცუდად მიგდის, როცა კლუბის შიგნით პრობლემები გაქვს - საბოლოო ჯამში შენზე ძალიან მოქმედებს. იქ ყოფნა შემძულდა.
პარიზშიც გამძარცვეს, მაგრამ მაინც დავრჩი კიდევ ორი თუ სამი წელი, რადგან იქ ცხოვრება მომწონდა. მანჩესტერში კი ყველაფერმა თოვლის გუნდასავით მოიყარა თავი. მინდოდა მეტი დრო გამეტარებინა ოჯახთან ერთად და სწორედ ამიტომ წავედი.
ვან გაალი ამბობდა, რომ წინასასეზონო მომზადებაზე არ გამოვცხადდი, მაგრამ მე უკვე ნათქვამი მქონდა, რომ წასვლა მინდოდა და ანგარიშის ჩაბარებას არ ვაპირებდი. როსარიოში ვრჩებოდი, სანამ გადაწყვეტილება არ მიიღებოდა.
თუ შენ უბედური ხარ, შენი ოჯახიც უბედურია. თუ სახლი გაგიძარცვეს, მწვრთნელს ეჩხუბე და საქმეები კარგად არ მიგდის, რთულია თქვა, რომ მანჩესტერში რამე მოგეწონა. ეს არის რეალობა.
თუმცა, თუ ვისაუბრებთ პრემიერლიგაზე, ატმოსფეროზე, კლუბში ცხოვრებაზე, სასიამოვნო გრძნობები დამრჩა, რადგან გუნდში იყვნენ შესანიშნავი ადამიანები, რომლებიც ყოველთვის კარგად მექცეოდნენ, მხარს მიჭერდნენ და ყველაფერში მეხმარებოდნენ. ამისთვის მადლობელი ვარ. მე მინდოდა იუნაიტედში გადასვლა. ფეხბურთი, სტადიონები, ატმოსფერო, ფანების სიყვარული - არაფერს ვნანობ“, - განაცხადა დი მარიამ.