ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა, ჯეიმს მედისონმა, ტოტენჰემის ხელმძღვანელობას მოუწოდა, რომ სასწრაფოდ გამოიძიონ კლუბში ხშირი ტრავმიანობის საკითხი და პრობლემის მთავარი გამომწვევი მიზეზი იპოვონ.
მედისონმა, რომელიც ტოტენჰემში ლესტერიდან გადმოვიდა, სეზონისწინა მომზადებისას ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და პრაქტიკულად მთელი სეზონი გამოტოვა. მან მოედანზე დაბრუნება მხოლოდ ბოლო სამ მატჩში მოახერხა. მისი დახმარებით სპურსმა ბოლო ტურში ევერტონი 1-0 დაამარცხა და პრემიერ ლიგაში ადგილი ძლივს შეინარჩუნა.
მედისონის გარდა, ტოტენჰემს სხვა წამყვანი ძალებიც აკლდა. დეიან კულუსევსკის 2025 წლის მაისის შემდეგ აღარ უთამაშია. გუნდის მთავარმა შემტევებმა, დომინიკ სოლანკემ და მოჰამედ კუდუსმა, ტრავმების გამო პრემიერ ლიგის მატჩების ნახევარი გამოტოვეს. ამას დაემატა ხავი სიმონსის მიერ ახლახან გაწყვეტილი ჯვარედინი იოგებიც, რამაც კლუბს კიდევ უფრო გაურთულა საქმე.
ახლა, როდესაც ტოტენჰემმა უმაღლეს დივიზიონში ადგილი ოფიციალურად შეინარჩუნა, მედისონი სამედიცინო კრიზისის სრულ რევიზიას ითხოვს:
ჩვენი სიტუაცია ტრავმების მხრივ ნებისმიერ სხვა კლუბზე უარესი იყო. ხალხი ამბობს სხვადასხვა მიზეზებს, მაგრამ ჩვენი შემთხვევა ასტრონომიულია და უნდა გავიგოთ, რატომ მოხდა ეს.
მან დასძინა, რომ ზოგიერთი ტრავმა, მაგალითად მისი იოგების გაწყვეტა ან კულუსევსკის მიერ მარკ გუეჰისთან შეჯახებისას მიღებული დარტყმა, უბრალოდ უიღბლობა და დამთხვევა იყო და ამაში სამედიცინო შტაბს ან მოედნის საფარს არ ადანაშაულებს.
ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ წამყვანი მოთამაშეების არყოფნამ გუნდის შედეგებზე უდიდესი გავლენა იქონია:
მე, კულუსევსკიმ, კუდუსმა და ბენტანკურმა თვეები გამოვტოვეთ. მთელი სეზონი რომ ერთად გვეთამაშა, ტოტენჰემი გასავარდნ ზონაში ნამდვილად არ იქნებოდა, ამისი მტკიცედ მჯერა. ეს ფაქტია, თუმცა ამ რეალობაში აღმოვჩნდით და ვამაყობ ბიჭებით, რომლებმაც ყველაფერი დადეს მოედანზე.