საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში, საწვრთნელ შეკრებაზე, მეორე ვარჯიში გამართა. სფფ-ის პრესსამსახური ბუდუ ზივზივაძეს გაესაუბრა.
"ორი რთული გასვლითი შეხვედრა გველის. სამწუხაროდ, წითელი ბარათის გამო ბოლო, პერიოდში სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, თუმცა ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. ყოველთვის პასუხისმგებლობით ვეკიდები ვარჯიშებს, განსაკუთრებით, როდესაც ვიცი, რომ ახლო მომავალში სანაკრებო პაუზაა.
დიდი ხანია ასეთი ხანგრძლივი შეკრება არ გვქონია. რამდენიმე დღე გვაქვს პირველ შეხვედრამდე, რაც თამაშის დასაგეგმად გამოგვადგება. შეკრება ნაყოფიერად მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, მოედანზე ყველა 100%-ით დავიხარჯებით, რომ საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ", - განაცხადა ბუდუმ.
ბუდუს საქართველოს ნაკრების მაისურით ჩატარებულ 37 მატჩში 8 გოლი და 2 ასისტი აქვს აქტივში. ბოლო საგოლე მოქმედება 2024 წლის 9 ივნისს ჰქონდა - მონტენეგროს გაუტანა.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, ჩვენი გუნდი 11 ოქტომბერს ესპანეთს ელჩეში დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს თურქეთთან ქოჯაელში ითამაშებს.