ოლდ ტრაფორდმა ნოტინგემ ფორესტთან მოგებულ მატჩში (3:2) კაზემირო გააცილა. ბრაზილიელი ერთ-ერთი პირველია იმ მრავალ ფეხბურთელს შორის, რომლებიც მიმდინარე ზაფხულს კლუბს დატოვებენ.
უახლოეს დღეებში მთავარ მწვრთნელად მაიკლ კერიკის დანიშვნას ელიან. სწორედ მას მოუწევს შემადგენლობის გადახალისება, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის დაბრუნების ფონზე.
ვინ ტოვებს მანჩესტერ იუნაიტედს ამ ზაფხულს? გადავხედოთ სიას:
მეკარეები:
ანდრე ონანა - უხეში შეცდომებისა და მაღალი ხელფასის გამო, კლუბი ყველანაირად ცდილობს მის გასხვისებას (იჯარით ან ტრანსფერით).
ალტაი ბაინდირი - თურქ მეკარეს სამშობლოში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ, რადგან სენე ლამენსთან კონკურენციაში სათამაშო დროის იმედი არ აქვს.
დერმოტ მი - 23 წლის მეკარე გუნდს, სავარაუდოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
მცველები:
ტირელ მალასია - კერიკმა უკვე დაადასტურა, რომ კონტრაქტის ამოწურვის გამო მალასია მიდის. ტრავმების გამო მას სათამაშო პრაქტიკა სხვაგან სჭირდება.
ტაილერ ფრედრიქსონი - 21 წლის ცენტრალური მცველი ახალი გუნდის ძიებაშია.
ნახევარმცველები:
კაზემირო და მანუელ უგარტე - ორივე მოთამაშე ტოვებს გუნდს, რაც იმას ნიშნავს, რომ იუნაიტედს ზაფხულში მინიმუმ ორი ახალი ცენტრალური ნახევარმცველის ყიდვა მოუწევს.
დენ გორი - როტერჰემში იჯარის შემდეგ, შესაძლოა კლუბი საბოლოოდ დატოვოს. ახალგაზრდებიდან კი ტყუპი ფლეტჩერები და სეკუ კონე წინასასეზონო მატჩებში შანსს ელიან.
თავდამსხმელები:
რასმუს ჰოილუნდი - ნაპოლიში მისი ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია.
ჯეიდონ სანჩო - ხელშეკრულების ვადა ეწურება და გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდის.
მარკუს რაშფორდი - მისი საბოლოო წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია, მთავარი პრეტენდენტი კი ბარსელონაა.
ჯოშუა ზირკზე - ნიდერლანდელ ფორვარდს მეტი დრო სურს და არაა გამორიცხული, მანაც ტრანსფერი მოითხოვოს.
კერიკს ზაფხულში მინიმუმ ერთი მეკარე, მარცხენა მცველი, ორი ცენტრალური ნახევარმცველი და ერთი თავდამსხმელი სჭირდება, რათა გუნდმა მომავალ სეზონში ოთხ ფრონტზე კონკურენციას გაუძლოს.