მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა კაპიტანმა როი კინმა გუნდის ლიდერი, ბრუნო ფერნანდეში, მწვავედ გააკრიტიკა და მის ქცევას ცირკის წარმოდგენა უწოდა. კინის აზრით, პორტუგალიელი გუნდურ წარმატებაზე წინ პირად მიღწევებს აყენებს.
ნოტინგემ ფორესტთან მოგებულ მატჩში (3:2) ფერნანდეშმა მიმდინარე სეზონში მე-20 საგოლე გადაცემა შეასრულა და ტიერი ანრისა და კევინ დე ბრუინის პრემიერ ლიგის ისტორიული რეკორდი გაიმეორა. მას ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება ბოლო ტურში, ბრაიტონის წინააღმდეგ შეუძლია.
როი კინმა შენიშნა, რომ ნოტინგემთან შეხვედრაში ბრუნო ხშირად დარტყმის ნაცვლად პასის გაკეთებას ცდილობდა, რათა რეკორდი მოეხსნა. პოდკასტში The Overlap კინმა ემოციები ვერ მალა:
როცა კლუბის კაპიტანი ხარ და გუნდი წინ უნდა წაიყვანო, მხოლოდ საკუთარ ასისტებზე არ უნდა ფიქრობდე. შაბათ-კვირას იუნაიტედის გასახდელში ყველაფერი მისი საგოლე გადაცემების გარშემო ტრიალებდა, რაც ძალიან მაცოფებს. როგორ შეიძლება კაპიტნის მენტალიტეტი მოგების ნაცვლად ინდივიდუალური რეკორდისკენ იყოს მომართული?
როდესაც გარი ნევილმა აღნიშნა, რომ ბრუნოს იუნაიტედში ტიტულების მოგება სურს და ამის გამო ზამთარში არაბული გუნდების სარფიანი წინადადებებიც კი უარყო, კინმა განაცხადა:
ამგვარი მენტალიტეტით ის ტიტულებს ვერ მოიგებს. გუნდი ორ გოლს უშვებს, ყველას კი თავბრუ ესხმის იმის გამო, რომ მან რეკორდი გაათანაბრა. ეს უბრალოდ აბსურდია.
ბრუნომ თავდამსხმელს პასი მისცა, მან კი ვერ გაიტანა. რა გააკეთა ბრუნომ? მინდორზე დაენარცხა. რატომ ვარდება? იმიტომ, რომ მხოლოდ საკუთარ რეკორდზე დარდობს. მისი ფორვარდი რთულ პერიოდს გადის და მომენტებს მაზავს, კაპიტანი კი ამ დროს მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.