არსენალს სეზონის ბოლოს შემადგენლობის გაძლიერება ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით სურს, რომელიც პსჟ-ს რიგებში ბრწყინვალე ასპარეზობას აგრძელებს.
ქართველი ვარსკვლავი ფრანგული გრანდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა, განსაკუთრებით ევროტურნირებზე. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეზონის ბოლოს არსენალი შესაძლოა გაბრიელ ჟესუსმა და გაბრიელ მარტინელიმ დატოვონ, ლონდონელთა შეტევის ხაზში უმაღლესი დონის შემტევისთვის ადგილი თავისუფლდება. კვარაცხელია მიჩნეულია იმ ფეხბურთელად, რომელსაც არსენალის თავდასხმის პოტენციალის სერიოზულად გაზრდა შეუძლია.
მეთოფეები ყურადღებით აკვირდებიან ხვიჩას თამაშს და მზად არიან მოლაპარაკებებში ჩაერთონ. ფეხბურთელის გარემოცვაც ღიაა დისკუსიებისთვის, რაც ტრანსფერის ალბათობას რეალურს ხდის, თუმცა მთავარი დაბრკოლება თავად პარიზული კლუბის პოზიციაა.
პსჟ-ს ხელმძღვანელობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ქართველი ვარსკვლავი არ იყიდება. ამ ეტაპზე ფრანგები არანაირ მზაობას არ გამოხატავენ, რომ მიმდინარე ზაფხულს მას წასვლის უფლება მისცენ.
ეს ფაქტი არსენალს დიდ ბარიერს უქმნის, რადგან პსჟ-ს თანხმობის გარეშე გარიგების მიღწევა შეუძლებელია. თუ ფრანგული მხარე პოზიციას არ შეიცვლის, არსენალს ალტერნატიული ვარიანტების განხილვა მოუწევს ან ტრანსფერზე მუშაობის გაგრძელება მომავალი სატრანსფერო ფანჯრისთვის გადაიდება. მანამდე კი კლუბი შეტევის სხვა ვარიანტებს შეაფასებს, რათა გუნდმა ყველა ტურნირზე კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს.