პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბაიერნი დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გავიდა ტურნირის ფინალში. სანამ პარიზელები ზეიმობდნენ, ლივერპულის ფანები სინანულით უყურებდნენ ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე ასპარეზობას და სავარაუდოდ ფიქრობცნენ - „რა იქნებოდა, ის გასულ წელს ენფილდზე რომ გადმოსულიყო?“
მიუხედავად იმისა, რომ განმეორებით მატჩში გადამწყვეტი გოლი უსმან დემბელემ გაიტანა, შეხვედრის მთავარი გმირი სწორედ ქართველი შემტევი იყო. ხვიჩამ არა მხოლოდ შეტევაში, არამედ დაცვაშიც საოცარი სამუშაო შეასრულა ალიანც არენაზე.
ქართველის თავდადებამ სტადიონზე ლივერპულის ლეგენდა სტივენ ჯერარდიც კი აღაფრთოვანა:
ის საოცრად ძლიერია, საშიშია და ორივე მიმართულებით შეუძლია თამაში. რა ასისტები გააკეთა! ფლანგზე მიიწევს და უზადო პასს აძლევს დემბელეს. ყველაზე შთამბეჭდავი მისი თამაშის მეორე მხარეა. ბევრი ვინგერი მხოლოდ მაშინ აქტიურობს, როცა ბურთი აქვს, ეს ბიჭი კი ყველაფერს აკეთებს. შრომობს, ართმევაზე თამაშობს, იბრძვის, საგოლე პასებს იძლევა და გააქვს კიდეც. ის ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ვინგერია.
ლივერპულის ფანებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული კვარაცხელიას ასეთი პროგრესის ყურება იმის ფონზეა, რომ მერსისაიდულ კლუბს მისი შეძენის რეალური შანსი ჰქონდა, სანამ ფეხბურთელი პსჟ-ში გადავიდოდა.
წინა სეზონში მოპოვებული ჩემპიონობის შემდეგ, არნე სლოტის გუნდს მიმდინარე სეზონში აშკარა ვარდნა აქვს და მოედანზე ზუსტად ის ბრძოლისუნარიანობა აკლიათ, რასაც ხვიჩა ყოველ მატჩში აჩვენებს.
ლივერპულისთვის კვარაცხელიას ტრანსფერი უკვე შორეული ოცნებაა - ქართველი ვარსკვლავი პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მეორე ოქროს მედლის მოსაგებად ემზადება.