-
Aa
+
ფონტის ზომა
დიდიე დეშამის საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობის დასრულებას ყურადღებით აკვირდებიან წამყვანი კლუბები, რომლებიც სახელგანთქმულ სპეციალისტს ეძებენ. მათ შორისაა მადრიდის რეალი, რომელმაც საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი ერთ-ერთ მიზნად დაასახელა.
ერთი ციკლის დასასრული, მეორის დასაწყისი? საფრანგეთის ნაკრების სათავეში 14 წლის მუშაობის შემდეგ, დიდიე დეშამი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვებს პოსტს.
მისი შემცვლელი თითქმის გადაწყვეტილია - სავარაუდოდ, გუნდს ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს - თუმცა ნაკლებად არის ცნობილი, რას გააკეთებს თავად დეშამი ეროვნული ნაკრების დატოვების შემდეგ.
რამდენიმე კლუბი, როგორც ევროპიდან, ისე მის ფარგლებს გარეთ, ინტერესდება 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონთა კაპიტნით. წყაროს ინფორმაციით, რეალმა დიდიე დეშამი საკუთარ მოკლე სიაში შეიყვანა.
კარლო ანჩელოტის 2025 წლის ივნისში წასვლის შემდეგ, რეალს უჭირს ძველი დიდების დაბრუნება როგორც შიდა ჩემპიონატში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. იანვრიდან გუნდს ალვარო არბელოა ხელმძღვანელობს, თუმცა შესაძლოა კიდევ ერთი სეზონი დაასრულოს მნიშვნელოვანი ტიტულის გარეშე.
ესპანელმა მწვრთნელმა შეცვალა ჩაბი ალონსო, რომელიც წინა ზაფხულს დიდი მოლოდინებით მივიდა გუნდში. თუმცა ლევერკუზენის ყოფილმა მწვრთნელმა ვერ მოახერხა საკუთარი კვალი დაეტოვებინა და რეალიდან მხოლოდ შვიდი თვის შემდეგ გაათავისუფლეს. შესაბამისად, ამ ზაფხულს კიდევ ერთი სამწვრთნელო ცვლილებაა მოსალოდნელი.
მიუხედავად ფლორენტინო პერესის მეგობრობისა ალვარო არბელოასთან, რთულია მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანი წარმატებების გარეშე, ხოლო ამ ეტაპზე პერსპექტივა ოპტიმისტური არ ჩანს.
ამ ვითარებაში რეალმა დაიწყო იმ მწვრთნელების სიის შედგენა, რომლებიც შეძლებენ გუნდის რთული მდგომარეობიდან გამოყვანას. წყაროს ინფორმაციით, ამ სიაში დიდიე დეშამიც არის.
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელს სამი მთავარი მიზეზის გამო აფასებენ მაღალ დონეზე. პირველი - ის ბუნებრივი ლიდერია და ეს დაამტკიცა ყველგან, სადაც მუშაობდა: მონაკოში, იუვენტუსში, მარსელში და, რა თქმა უნდა, საფრანგეთის ნაკრებში. კლუბში, სადაც ეგოების მართვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ტაქტიკა, ეს დიდი უპირატესობაა.
მეორე - მან იცის როგორ მოიგოს. ეს ფაქტია. მონაკოსთან ლიგის თასი მოიგო და განსაკუთრებით აღსანიშნავია 2004 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. მარსელთან 2010 წელს საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო, მათი ბოლო ტიტულიდან რვა წლის შემდეგ.
იუვენტუსი სერია A-ში დააბრუნა, ხოლო საფრანგეთის ნაკრებში უდიდეს წარმატებებს მიაღწია - 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონობა და 2022 წლის ფინალში გასვლა კიდევ უფრო ამყარებს მის მაღალ სტატუსს ფეხბურთის სამყაროში.
და ბოლოს, რაც მნიშვნელოვანია - მას ნდობით სავსე ურთიერთობა აქვს საფრანგეთის ნაკრების იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც რეალში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ: რა თქმა უნდა, კილიან მბაპე, ასევე ორელიენ ჩუამენი. გარდა ამისა, დიდიე დეშამი ესპანურადაც საუბრობს, რაც მის რეზიუმეში მნიშვნელოვანი პლუსია.
ამ ყველაფრის გამო რეალმა ის მოკლე სიაში შეიყვანა. ჩემპიონთა ლიგიდან ბაიერნთან გამოვარდნამ შესაძლოა დააჩქაროს ალვარო არბელოას შემცვლელის ძიება. ამ დროისთვის დეშამს, რომელიც საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტით არის დაკავშირებული, არ სურს საკუთარ მომავალზე საუბარი.
მის გარემოცვაში ამბობენ, რომ მას არჩევანის სრული თავისუფლება აქვს და არც ერთ ვარიანტს არ გამორიცხავს. ევროპიდან და საუდის არაბეთიდან მიღებული რამდენიმე შეთავაზების ფონზე, არჩევანი ნამდვილად დიდი აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს საინტერესო სიტუაციაა, რომელსაც ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები