მაქს ვერსტაპენი დიდი პაუზის შემდეგ კვალიფიკაციის სათავეში დაბრუნდა.
მან ლუის ჰამილტონსა და ისაკ ჰაჯარს აჯობა და მალაიზიაში გასამართი ბაჰრეინის გრან-პრისთვის 2026 წლის პირველი პოულ პოზიცია მოიპოვა.
Q1-სა და Q2-ში საუკეთესო დროის დაფიქსირების შემდეგ ვერსტაპენი პრაქტიკულად შეუჩერებელი ჩანდა. საბოლოოდ, მან ჰამილტონს 0.298 წამით აჯობა და სესია 1.35.130 შედეგით დაასრულა.
რედ ბული ახლოს იყო იმასთან, რომ დღის ორი საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა, თუმცა ფერარის პილოტმა ჰაჯარს გადაასწრო.
ამასთან, ჰაჯარი რბოლისთვის სასტარტო ბადეზე ხუთადგილიან ჯარიმას მიიღებს. მან კვალიფიკაციის დასკვნით ეტაპზე მერსედესის კიმი ანტონელისაც არ მისცა სამეულში მოხვედრის საშუალება, იტალიელი მე-4 ადგილზე გავიდა, შარლ ლეკლერი კი მე-5 იყო.
მაკლარენის პილოტებმა მე-6 და მე-7 ადგილები დაიკავეს, ლანდო ნორისმა ოსკარ პიასტრის აჯობა. ჯორჯ რასელმა მხოლოდ მე-8 შედეგი აჩვენა, ხოლო ალპინის პიერ გასლიმ და აუდის გაბრიელ ბორტოლეტომ, შესაბამისად, მე-9 და მე-10 ადგილები დაიკავეს.
2023 წლის უნგრეთის გრან-პრის შემდეგ პირველად, მაქს ვერსტაპენი და ლუის ჰამილტონი სასტარტო ბადის პირველ რიგში ერთმანეთის გვერდით დადგებიან.
2021 წლის აბუ დაბის გრან-პრის შემდეგ კი პირველად ხდება, როცა ვერსტაპენი რბოლას პოულ პოზიციიდან დაიწყებს, ხოლო ჰამილტონი - მე-2 ადგილიდან.
ფორმულა 1-მა მალაიზია 2017 წელს დატოვა, როდესაც პირველი ორი ადგილი მაქს ვერსტაპენმა და ლუის ჰემილტონმა დაიკავეს. 9 წლის შემდეგ F1 მალაიზიაში დაბრუნდა და ხვალ სტარტზე პირველი ორი პოზიციიდან ისევ მაქსი და ლუისი დაიძრებიან.
მალაიზიური რბოლა 4 ოქტომბერს, საქართველოს დროით 11:00 საათზე დაიწყება.