მანჩესტერ იუნაიტედის მცველმა ლისანდრო მარტინესმა ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში ატლეტიკოსთან მარცხის (0:2) შემდეგ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ, მთავარ მწვრთნელს სათანადო ტრანსფერებით არ დაუჭირა მხარი.
„ძალიან ცუდი მდგომარეობაა, უბრალოდ საშინელება. თავის შეკავება მიწევს, თუმცა ხანდახან ეს ყველაფერი იმის ზუსტი ასახვაა, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება კლუბი. გასულ სეზონში შესანიშნავები ვიყავით და ახლა კლუბის ხელმძღვანელობისგან მეტს ველოდებით, მეტ ფეხბურთელს, რომლებიც კონკურენციისთვის გვჭირდება, რადგან ბევრი გუნდი უამრავ ახალწვეულს იფორმებს.
ატლეტიკო შესანიშნავი იყო და დღეს გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა. კლუბისგან დიდ ინვესტიციებს ველოდები, ასი პროცენტით. ჩვენი ტექნიკური დირექტორისგან მეტს ველოდები. პირდაპირ ვიტყვი: ჩვენ, ფეხბურთელებმა, მეტი უნდა გავაკეთოთ, თუმცა ასეთი საღამოებისთვის მზადყოფნისთვის ძლიერი შემადგენლობაც გჭირდება."
კითხვაზე, თუ რომელი პოზიციების გაძლიერება იყო საჭირო, არგენტინელმა უპასუხა:
„ზოგადად, ყველაფრის. გასულ სეზონში ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, საოცარი გუნდის შესაქმნელად საძირკველი ჩავყარეთ. აქ რომ მოვდივარ და ვერ ვხედავ, რომ ჩემი გუნდი საუკეთესო შედეგის მიღწევას ცდილობს, ეს მაღიზიანებს და იმედს მიცრუებს. არ ვფიქრობ, რომ პრობლემა მწვრთნელშია. ის აკეთებს ყველაფერს, რაც მის ძალებშია.
ყოველი სეზონი განსხვავებულია. არ შეიძლება იმით დაკმაყოფილდე, რასაც გასულ სეზონში მიაღწიე. მეტოქეებმა უკვე იციან, როგორ თამაშობ, იციან თითოეული დეტალი - თუ არაფერს შეცვლი, მომდევნო სეზონში დიდი პრობლემა გექნება.
არ შეიძლება მუდმივად მწვრთნელის ცვლა. რა ხდება სხვა სფეროებში? მეტს ვერაფერს ვიტყვი. დღეს ადვილია თქვა, რომ საქმე მწვრთნელში ან მოთამაშეებშია, თუმცა სხვა სფეროებსაც უნდა შევხედოთ", - განაცხადა მარტინესმა.