16-19 აპრილს, თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. მოახლოებული ტურნირის წინ, European Judo Union-ს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე ესაუბრა.
"ძიუდო საქართველოში ძალიან უყვართ, ჩვენს ქვეყანაში ეს მხოლოდ სპორტი არ არის, ჩვენი კულტურისა და ტრადიციის აუცილებელი ნაწილია.
თავისი ძირითადი ღირებულებებით - საბრძოლო სულისკვეთებით, მოწინააღმდეგის პატივისცემითა და დისციპლინით, ჩვენი სპორტი მჭიდროდ ემთხვევა ქართულ ხასიათსა და ჩვენს ტრადიციულ ჭიდაობის სტილს, რომელიც აღიარებულია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში.
ქართულ ძიუდოს ძალიან გამორჩეული სტილი აქვს, რაც ხშირად სხვა ქვეყნების სპორტსმენებისთვის არაკომფორტულ მოწინააღმდეგეებად გვაქცევს. ჩვენ, როგორც წესი, უპირატესობას ახლო დისტანციაზე ბრძოლას ვანიჭებთ, რაც პირდაპირ ჩვენი ტრადიციული ჭიდაობის წარმომავლობიდან მოდის.
ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, როდესაც 2008 წელს ომი იყო, ოლიმპიური ოქროს მედლის მოგება მაინც მოვახერხეთ. ირაკლი ცირეკიძის ის ოქრო საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.
საერთოდ, 90 კგ. წონით კატეგორიაში საქართველო ნამდვილად განსაკუთრებულია. ეს არის კატეგორია, რომელშიც ყველაზე მეტი ოლიმპიური ოქროს მედალი მოვიგეთ", - უთხრა მაისურაძემ EJU-ს ვებგვერდს.
საქართველო ძიუდოში კონტინენტის პირველობას მეორედ მასპინძლობს, პირველად თბილისში ევროპის ჩემპიონატი 2009 წელს ჩატარდა.
ბოლო 17 წელში პირველად - თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი იწყება