-
Aa
+
ფონტის ზომა
ხვიჩა, ბევრმა დამკვირვებელმა შეაქო შენი თამაში მიუნხენის ბაიერნთან ნახევარფინალში, მაგრამ თუ ერთი რამ უნდა გააუმჯობესო შენს თამაშში, რა იქნებოდა ეს?
ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელს შეუძლია რაღაცის გაუმჯობესება და ეს ჩემზეც ვრცელდება.
ყოველთვის ვცდილობ პროგრესს, მეტი გოლის გატანას და მეტი საგოლე გადაცემის გაკეთებას, მაგრამ ჩემთვის ფეხბურთი მხოლოდ გოლებსა და ასისტებზე არ დგას - უფრო მნიშვნელოვანია, როგორ ეხმარები საკუთარ გუნდს. ზოგჯერ ვერ იტან გოლს ან ვერ აკეთებ ასისტს, მაგრამ შეგიძლია მოედანზე ყველაფერი დადო იმისთვის, რომ გუნდმა მოიგოს. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. როცა თამაშს ვასრულებ, მინდა ვიცოდე, რომ ჩემს გუნდს 100% მივეცი და გამარჯვებაში დავეხმარე."
გუნდის დახმარებაზე საუბრობ. რატომ არის მნიშვნელოვანი გუნდის დაყენება ინდივიდუალურ დიდებაზე მაღლა?
როცა კარიერას ვიწყებდი, მგონი უფრო ინდივიდუალური მოთამაშე ვიყავი, ვიდრე გუნდური, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ გუნდის გარეშე არაფერს წარმოადგენ.
ძალიან ცოტა ფეხბურთელს შეუძლია მარტო მოიგოს თამაში. მივხვდი, რომ როცა კარგი გუნდი გყავს, სადაც ყველა მოთამაშე ბოლომდე იხარჯება, შედეგებიც მოდის.“
როგორც ჩანს, ახლა პსჟ-ში ერთიანობა საოცარ დონეზეა და ეს მოედანზეც ჩანს.
დიახ, ვფიქრობ, ეს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალაა.
გვიხარია ერთად თამაში, ძალიან შეკრული ჯგუფი ვართ და ვიცით, რომ თუ ერთმანეთისთვის ვიბრძოლებთ და ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, ყველას დავამარცხებთ.“
შენში სიმარტივე, ენერგია და ამბიცია ერთიანდება და ხშირად სწორედ შენ ხარ ის ფეხბურთელი, ვინც თამაშის ბედს წყვეტს. რა გაძლევს მოტივაციას, რომ ყოველდღე ახალ დონეზე ახვიდე?
როცა პსჟ-ში თამაშობ, ამბიციური უნდა იყო, რადგან უამრავი ფეხბურთელია, ვისაც შენი ადგილის დაკავება სურს.
ყოველ თამაშში უნდა აჩვენო, რომ იმსახურებ ამ ემბლემის ტარებას გულზე. ყოველთვის ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო და მინდა ამ გუნდთან ერთად რაც შეიძლება მეტი ტიტული და თამაში მოვიგო.“
პლეი-ოფის ბოლო 7 მატჩში 7 გოლი გაიტანე, მაგრამ როცა გიყურებთ, ყოველთვის ძალიან მშვიდი და მოდუნებული ჩანხარ. როგორ ახერხებ ამას?
ისე მარტივი არ არის, როგორც შეიძლება ჩანდეს, რადგან ჩემპიონთა ლიგაში ყველა გუნდი ძალიან ძლიერია და მათთვის გოლის გატანა რთულია.
მაგრამ მყავს საოცარი თანაგუნდელები, რომლებიც ისეთ მომენტებს მიქმნიან, სადაც უბრალოდ დარტყმა და გოლის გატანა მჭირდება. ამ ეტაპზე ვამაყობ, რომ გოლების გატანა გამომდის. კარგ ფორმაში ვარ და უბრალოდ ვცდილობ ჩემი საქმე რაც შეიძლება კარგად გავაკეთო, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გოლის გატანა მინდა.“
როგორ აღწერდი ჩემპიონთა ლიგის საღამოს? შენს წარმოდგენაში როგორ გამოიყურება ჩემპიონთა ლიგის საღამო?
ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელის მთავარი მიზანია ჩემპიონთა ლიგაზე თამაში.
როცა იქ თამაშობ და იმ ჰიმნს ისმენ, უბრალოდ ბედნიერებას გრძნობ. ხვდები, რომ დიდი რამ გააკეთე იქ მოსახვედრად და ამ მუსიკის მოსასმენად. და როცა იცი, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩი გელის, უნდა მოემზადო, რადგან ეს უდიდესი მოვლენაა.“
ხშირად ამბობენ, რომ ტიტულის დაცვა ძალიან რთულია. შენთვის და შენი თანაგუნდელებისთვის ეს რამდენად რთულია?
დიახ, ვფიქრობ, ძალიან რთულია და ეს უკვე ვნახეთ კიდეც.
ბევრი თამაში გვქონდა, სადაც ბოლომდე ბრძოლა მოგვიწია და არაერთი ძალიან ძლიერი გუნდი დავამარცხეთ. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ძალიან დიდი ხარისხი გვაქვს. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ყველაფერი შეუძლიათ, ამიტომ ვფიქრობ, უბრალოდ საკუთარი თავის უნდა გვჯეროდეს და ყველაფერი დავდოთ იმისთვის, რომ ეს ტიტული მოვიგოთ.“

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები