ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ტენერიფეს 30 წლის თავდამსხმელის, ხესუს დე მიგელის გარდაცვალების საქმეზე რუტინული გამოძიება დაიწყო.
სეგუნდა დივიზიონის მატჩში ტენერიფესა და ანდორას დაპირისპირებისას უმძიმესი ინციდენტი მოხდა. დე მიგელი ბურთისთვის ბრძოლისას მეტოქის მეკარეს, ხესუს ოვონოს შემთხვევით შეეჯახა და გულმკერდის არეში მიღებული ძლიერი დარტყმის შედეგად გული გაუჩერდა.
მედიკოსების პირველადი დახმარების შემდეგ ფეხბურთელი სასწრაფოდ სანტა კრუსის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლუბის თავდაპირველი ცნობით მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა ნევროლოგიური გაუარესების შემდეგ ფეხბურთელი სამშაბათს დილით გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ თავად შეხვედრა 108-ე წუთზე 2:2-ის დროს შეწყდა.
კანარის კუნძულების ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაწყებული გამოძიება სტანდარტული პროცედურაა და მასში პროკურორებიც ჩაერთვებიან. მომხდარს უკვე გამოეხმაურნენ ორივე კლუბის წარმომადგენლები. ტენერიფემ უდიდესი მწუხარება გამოთქვა და გულშემატკივრებს გარდაცვლილის ოჯახისთვის პირადი სივრცის დაცვისკენ მოუწოდა.
ანდორამ კი კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შეჯახების შემთხვევითობას და დაღუპულის ოჯახსა და თანაგუნდელებს მიუსამძიმრა. ოთხშაბათს ტენერიფეს ესპანეთის თასზე ბადახოსის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა და ახლა ლიგის წარმომადგენლები კლუბთან კალენდრის შეცვლაზე აქტიურად მუშაობენ.
საშინელი ამბავი ესპანეთიდან - ტენერიფეს ფეხბურთელი გარდაიცვალა