ესპანეთიდან საშინელი ინფორმაცია ვრცელდება.
„უდიდესი ტკივილით, ყელში გაჩხერილი ბურთით და მომხდარის დაჯერების შეუძლებლობით, ტენერიფე ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 2026 წლის 3 ნოემბერს, სამშაბათს, დილის 8:00 საათზე, ხესუს დე მიგელ ალამედა ტრაგიკულად გარდაიცვალა.
არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ნუგეშს მოგვცემს. არაფერს შეუძლია შეამსუბუქოს ეს უსაზღვრო მწუხარება.
ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებთ მის განადგურებულ ოჯახს, ახლობლებსა და ტენერიფეს გულშემატკივართა მთელ საზოგადოებას, რომელიც დღეს ამ ტრაგიკულ ამბავს გლოვობს.
ხესუს დე მიგელის ოჯახი გულწრფელ მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს გამოხატული მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის.
ამასთან, ოჯახი ყველას სთხოვს, ამ უმძიმეს პერიოდში მაქსიმალურად სცენ პატივი მათ პირად სივრცეს“. - წერია ესპანური კლუბის განცხადებაში.
30 წლის ესპანელი თავდამსხმელი ტრაგიკულად მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ანდორასთან გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტის მძიმე შედეგების დაძლევა ვერ შეძლო.
შეხვედრის 98-ე წუთზე ხესუს დე მიგელი ანდორას მეკარეს, ოვონოს, ძლიერად შეეჯახა და მოედანზე უგონოდ დაეცა.
მატჩი დაუყოვნებლივ შეჩერდა, სამედიცინო პერსონალი კი ფეხბურთელისთვის დახმარების აღმოსაჩენად მოედანზე გავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელს გულის გაჩერება დაუფიქსირდა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდა.
ხესუს დე მიგელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნევროლოგიური თვალსაზრისით გაუარესდა და საბოლოოდ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.