საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა უეფა-ს ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა.
ერთ-ერთი კითხვა საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის განმაპირობებელ ფაქტორებს ეხებოდა, რაზეც კობიაშვილმა განაცხადა:
"ჩემთვის ერთი რამ ცხადია - ეს მხოლოდ იღბალი არ იყო. ეს იყო შრომისა და კარგი მუშაობის შედეგი მთელი ჩვენი საფეხბურთო ეკოსისტემის მასშტაბით - ფედერაციიდან დაწყებული კლუბებით, მწვრთნელებითა და ფეხბურთელებით დამთავრებული.
თუ ყველა ერთად იმუშავებს და ყოველდღე, ყოველ კვირას, ყოველ თვე თავის მაქსიმუმს გააკეთებს, დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებაც იქნება. შეიძლება ჩვენ ამისთვის სასურველზე ცოტა მეტი დრო დაგვჭირდა, თუმცა მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი ჩვენში, რამეთუ ყოველდღე ვხედავ, როგორ ვითარდებიან და შრომობენ ახალგაზრდა მწვრთნელები და ფეხბურთელები. საბოლოო ჯამში, ამ წარმატებას ერთად მივაღწიეთ.
რა თქმა უნდა. დაგვეხმარა ის ფაქტიც, რომ ძალიან კარგი თაობა გვყავს ისეთი ცნობილი სახელებით, როგორიცაა კვარაცხელია, მამარდაშვილი და სხვები. თუმცა, ხშირად გვინახავს, რომ მხოლოდ კარგი მოთამაშეები საკმარისი არ არის. მთელი ქართული საფეხბურთო ოჯახი უნდა იდგეს მათ უკან, აცნობიერებდეს თავის როლს და ასრულებდეს თავის საქმეს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს იღბალი არ იყო. ჩვენ ეს დავიმსახურეთ.
ყველა ქართველი ოცნებობდა იმ დღეზე, როდესაც ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისნაირ მნიშვნელოვან ტურნირზე ითამაშებდა. ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ, რომ ეს შევძელით და არა მხოლოდ მონაწილეობა მივიღეთ ამ ტურნირზე, არამედ ძალიან კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და ჯგუფიდან გავედით. პორტუგალია დავამარცხეთ და ესპანეთის წინააღმდეგ თითქმის 40 წუთის განმავლობაში ვიგებდით. ეს საოცარი შეგრძნება იყო.
ახლა კი გვინდა შემდეგი ნაბიჯის გადადგმა და მომავალ დიდ ტურნირზე გასვლა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ევრო 2024 ჩვენთვის პირველი და უკანასკნელი არ იყოს", - ამბობს სფფ-ის პრეზიდენტი.