2025-26 წლების სეზონის ევროპა კონფერენს ლიგის პლეი-ოფში 2 ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს - ირაკლი აზაროვი და გაბრიელ სიგუა.
ლიგის ფაზის 6 ტურის შედეგად, მე-6 ადგილი დაიკავა აზაროვის შახტარმა - შესაბამისად, პირდაპირ 1/8 ფინალურ ეტაპზე გავიდა და მეტოქეს ელოდება. პოტენციური მოწინააღმდეგე, ამ მომენტში, 4-ია - კოსოვოს დრიტა, ფინეთის კუპს-ი, პოლონეთის ლეხ პოზნანი და თურქეთის სამსუნსპორი.
სიგუამ ბოლო ტურში ფიორენტინას გაუტანა და საკუთარ ლოზანას მოაგებინა. საბოლოოდ, მისმა გუნდმა ლიგის ფაზის ცხრილში მე-9 ადგილი დაიკავა და პირდაპირ 1/8 ფინალში გასვლამდე ძალიან ცოტა დააკლდა. შვეიცარიელები 1/16 ფინალში ჩრდ. მაკედონიურ შკენდიას ან ბოსნიურ ჟრინსკის შეხვდებიან.
რაც შეეხება ანრი მექვაბიშვილს, მისმა უნივერსიტატ კრაიოვამ პლეი-ოფის საგზური ძირითადი დროის დამატებულ წუთებზე გაშვებული 2 გოლის გამო დაკარგა - ათენში, აეკ-თან 2:1-ს იგებდნენ და ქულაც აწყობდათ, თუმცა 98-ე და 105-ე წუთებზე გაუშვეს და ცხრილში 25-ე ადგილზე აღმოჩნდნენ.
გურამ კაშიას სლოვან ბრატისლავა ბოლო ტურში საერთოდ უმოტივაციოდ იყო, რადგან პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგული ჰქონდა. შვედურ ჰაკენს შინ 1:0 მოუგეს - კაშომ 90 წუთი ითამაშა.