-
Aa
+
ფონტის ზომა
პირველი ტური ჩვენთვის მძიმე გამოდგა - იბერია ბელგიაში სენტ-ტრუიდენთან 2:0 დამარცხდა, ხოლო მიალბიმ შინ იმავე ანგარიშით ანდორულ ინტერს სძლია - შვედური კლუბი ცხრილში მეხუთე ადგილს ჩვენს ყოფილ ბელგიურ მეტოქესთან იყოფს, რაც შეეხება იბერიას, ქართული გუნდი ინტერ ესკალდესთან 33-ე ადგილს იყოფს.
მიალბი ალმენა იდროტსფერენინგი შვედეთის პატარა სოფელ ჰელევიკში 1939 წელს დაარსებული საფეხბურთო კლუბია. შვედეთის უმაღლეს ლიგაში მიალბის დებიუტი 1980 წელს შიდგა და მას შემდეგ ალსვენსკანში 13 სეზონი გაატარა.
2025 წელი მიალბისთვის ისტორიული გამოდგა - 1500 მოსახლისგან შემდგარი დასახლების გუნდმა შვედეთის ჩემპიონატი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ჰელევიკურმა კლუბმა 2026 წელს შვედეთის თასის მოგებაც მოახერხა, რაც მიალბის ისტორიაში მეორე ტიტული იყო.
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მიალბიმ გიბრალტარის ჩემპიონი ლინკოლნ რედ ლამფსი ორი მატჩის ჯამში 3:0 დაამარცხა, ხოლო შემდეგ ეტაპზე იბერიის მსგავსად, სლოვან ბრატისლავასთან დამარცხდა. ევროპა ლიგის პლეი-ოფში შვედები სალსბურგთან 4:0 განადგურდნენ და კონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზე მოხვდნენ.
ევროტურნირებზე მიალბი იბერიას მსგავსად დებიუტანტია, თუმცა კონფერენს ლიგის კარგად დაწყების მიუხედავად, მოქმედ ჩემპიონებს შედა ასპარეზზე საქმეები კარგად არ მისდით. მიალბი შვედეთის ჩემპიონატში ზედიზედ 9 მატჩია მოუგებელია და სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციას იკავებს.
რაც შეეხება თბილისურ კლუბს, იბერია ზედიზედ მესამე ჩემპიონობისთვის იბრძვის და ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე ცხრილის ლიდერს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.
ლევან კორღალიძის შეგირდებმა ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგეს - უკანასკნელ ტურში იბერიამ გასვლაზე გორის დილას სძლია და მიალბის კარგი განწყობით ხვდება.
იბერიას მთავარმა მწვრთნელმა მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე დღევანდელ მატჩზე ისაუბრა:
“მიალბი კარგი გუნდია, თუმცა ჩვენ მატჩისთვის მზად ვართ და მჯერა, რომ რთულ გრაფიკს წარმატებით გავართმევთ თავს. დილასთან მატჩის შემდეგ მობილიზება და მნიშვნელოვანი სამი ქულის აღება ჩვენი გუნდის შესაძლებლობებზე მეტყველებს. ამ თამაშისთვის კიდევ უფრო კარგად ვემზადებოდით"
ხვალ უკეთეს იბერიას ნახავთ
მატჩისწინა კომენტარი იბერიას ნახევარმცველმა, ნიკოლოზ დადიანმაც გააკეთა:
"ძალიან გვინდოდა კონფერენს ლიგის პირველ ტურში გამარჯვება, თუმცა ამის გაკეთება ვერ მოვახერხეთ. 22-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს კლუბი ევროტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩს სამშობლოში ჩაატარებს და ვეცდებით, გავიმარჯვოთ. ვფიქრობ, კონფერენს ლიგაზე წარმატების მიღწევა შეგვიძლია."
ვალდებულები ვართ, მივაღწიოთ იმ შედეგს, რაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს გაახარებს. ქომაგებს მოვუწოდებ, მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ
შეგახსენებთ, რომ უეფას კონფერენს ლიგის მატჩი ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს, 20:45-ზე გაიმართება.
ბილეთების შეძენა კი tkt.ge-ზე შეგიძლიათ - მოდით და ერთად დავუჭიროთ მხარი ქართულ საკლუბო ფეხბურთს.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები