იბერია 1999-ის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ მიალბისთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე შეფასებები გააკეთა.
"პირველ რიგში, გიორგი ნემსაძის ოჯახსა და სრულიად ქართულ საფეხბურთო სამყაროს ვუსამძიმრებ. ძალიან დიდი დანაკარგია.
ზედიზედ მეორე სეზონია შვედეთის ჩემპიონს ვხვდებით. ვფიქრობ, მალმიო უფრო დაბალანსებული და სოლიდური გუნდი იყო. მიალბი ჩემპიონი თითქმის ერთი წლის წინ გახდა, სხვა მწვრთნელი ჰყავდათ და გუნდის გარკვეული ბირთვიც შეცვლილია. ახალი მწვრთნელი სექტემბერში დაინიშნა, მწვრთნელს კი ყოველთვის დრო სჭირდება, რათა გუნდს იდეები ნათლად დაანახოს.
ბედოშვილი კვლავ ტრავმირებულია. რთული გრაფიკი გვაქვს, მაგრამ ამას ფეხი უნდა ავუწყოთ და, ვფიქრობ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ეს თუნდაც გორის დილასთან მატჩისასაც გამოჩნდა, რადგან უარყოფითი შედეგის შემდეგ მობილიზება და მნიშვნელოვანი 3 ქულის აღება შევძელით. რესურსი გვყოფნის და მჯერა, რომ ბოლომდე გვეყოფა, რათა შიდა ჩემპიონატშიც და ევროტურნირებზეც დადებით შედეგს მივაღწიოთ.
მადლობა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებისთვის. ჩემთვის ძალიან რთულია, რომ მთელი 90 წუთის განმავლობაში სკამზე ვიჯდე და გუნდის თამაში ასე ვმართო. რთული ოპერაცია გადავიტანე და ასევე რთულ რეაბილიტაციის პროცესს გავდივარ.
ბართიშვილი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. მისი ჩვენთან ყოფნა მოტივაცია იქნება თითოეული ჩვენგანისთვის და იმედია, მის საუკეთესო ვერსიას მალე ვნახავთ. სულ რაღაც ერთი კვირაა, რაც გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ოპტიმალურ ფორმაში არაა. რისკების გაწევას არ ვაპირებთ და ვმუშაობთ, რომ აღდგენის პროცესი მაქსიმალურად გეგმაზომიერად გაიაროს, რათა მოედანზე სათანადოდ დაბრუნდეს.
ამ თამაშისთვის კიდევ უფრო კარგად ვემზადებოდით და ხვალ უკეთეს იბერიას ნახავთ", - განაცხადა კორღალიძემ.
იბერია 1999-ისა და მიალბის შეხვედრა 22 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:45 საათიდან გაიმართება.
მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ამ ბმულზეა შესაძლებელი.
დადიანმა მატჩამდე ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა