უეფას კონფერენს ლიგის ძირითადი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრამდე, სადაც საქართველოს ჩემპიონი იბერია 1999 შვედურ მიალბის დაუპირისპირდება, სტუმარმა კლუბმა საკუთარი გულშემატკივრებისთვის თბილისში მოგზაურობის დეტალური გზამკვლევი გამოაქვეყნა.
შვედი გულშემატკივრებისთვის სტადიონზე გამოყოფილია სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორები (29 და 30), რომლებიც 800-მდე მაყურებელს იტევს. სტადიონის კარები მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე, 18:45 საათზე გაიღება.
შვედური კლუბის მიხედვით მგზავრობის სავარაუდო დრო სტადიონამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაახლოებით 1 საათია მანქანით, თბილისის ცენტრალური სადგურიდან კი დაახლოებით 22 წუთი.
გზამკვლევში მიალბი აღნიშნავს:
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თბილისში მოძრაობა შეიძლება იყოს გადატვირთული და არაპროგნოზირებადი. გთხოვთ, ფრთხილად იყოთ ქალაქში ფეხით გადაადგილებისას.
სტადიონზე აკრძალულია A4 ზომაზე დიდი ჩანთების, პიროტექნიკის, ლაზერების, ელექტრონული სიგარეტების, პროფესიონალური კამერებისა და საკვები/სასმელის შეტანა.
გარდა ამისა, დროშებისა და ბანერების შეტანა მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზეა ნებადართული.
შვედურმა კლუბმა ასევე განაცხადა:
თბილისი, როგორც წესი, ტურისტებისთვის უსაფრთხო ქალაქად ითვლება, თუმცა მნიშვნელოვანია სიფხიზლის შენარჩუნება, ისევე როგორც სხვა დიდ ქალაქებში მოგზაურობისას. მოძრაობა შეიძლება იყოს ქაოტური და აგრესიული, ამიტომ განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ქუჩების გადაკვეთისას და გზებზე გადაადგილებისას.
შეიძლება ჯიბის ქურდობას ჰქონდეს ადგილი, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში. ყურადღებით დააკვირდით თქვენს ძვირფას ნივთებს და შეინახეთ პასპორტი, მობილური ტელეფონი და საფულე უსაფრთხოდ.
შეგახსენებთ, რომ იბერია 1999 კონფერენს ლიგის მომდევნო მატჩს ხვალ, 22 ოქტომბერს, 20:45 საათზე, მიალბის წინააღმდეგ სახლში გამართავს!
ისტორიული შეხვედრის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ამ ბმულზე.