ბრუნო ფერნანდეში ფეხბურთის მწერალთა ასოციაციის (FWA) ყოველწლიურ დაჯილდოებაზე წლის ფეხბურთელად დასახელდა.
,,მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი ფერნანდეში თავისი კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს და პრემიერ ლიგის სეზონში 20 საგოლე გადაცემის რეკორდის გამეორებას მხოლოდ ერთი ასისტი აშორებს, თანაც სეზონის დასრულებამდე კიდევ 3 მატჩია დარჩენილი.
ფეხბურთში ყველაზე ძველი და პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოსთვის გამართულ დაძაბულ ბრძოლაში პორტუგალიელმა ნახევარმცველმა მე-2 ადგილზე გასულ დეკლან რაისს 28 ხმით აჯობა. მანჩესტერ სიტის ერლინგ ჰალანდი მე-3 ადგილზე გავიდა.
ფერნანდეშმა FWA-ს 900-ზე მეტი წევრის ხმების 45 პროცენტი მიიღო და იუნაიტედის ერთადერთი ნომინანტი იყო, მაშინ როცა არსენალის ხმები დეკლან რაისს, დავიდ რაიას, გაბრიელ მაგალაეშსა და ბუკაიო საკას შორის გაიყო.
ბოლო ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედიდან, რომელმაც ეს ჯილდო მოიგო, უეინ რუნი იყო 2010 წელს. ჯილდო კი 1947 წლიდან გაიცემა.
ამ სეზონში ფერნანდეშს პრემიერ ლიგაში უკვე 19 საგოლე გადაცემა აქვს და ახლოსაა, გადააჭარბოს ამჟამინდელ რეკორდსმენებს - ტიერი ანრისა და კევინ დე ბრუინს.
მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერ ლიგის ცხრილში უკვე მე-3 ადგილზე აღზევდა, რასაც დიდწილად ფერნანდეშის შთამბეჭდავი თამაში განაპირობებს. გუნდი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშსაც მიუახლოვდა, კაპიტნის გამორჩეული გამოსვლების წყალობით, მათ შორის პრემიერ ლიგაში 8 გატანილი გოლით." - წერს FWA-ს ოფიციალური გვერდი.