ეროვნული ლიგის 23-ე ტურში ქუთაისის ტორპედოს ტყიბულის მეშახტესთან შინ 0:2 დამარცხებამ გულშემატკივართა კლუბი "ჯუნგლები“ ააფეთქა.
ქომაგებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს და კლუბში რადიკალური რეფორმების გარდა, მთავარი მწვრთნელის, დირკ შუსტერის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. მათი თქმით, უკვე ერთ წელზე მეტია აფრთხილებდნენ ხელმძღვანელობას, რომ გერმანელი სპეციალისტი შედეგს ვერ დადებდა, ახლა კი გუნდი სრულად დემორალიზებული და ფსიქოლოგიურად გატეხილია.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ქომაგებს არ სჭირდებათ მხოლოდ გარემონტებული ბაზა, ახალი ინფრასტრუქტურა, ფანშოპი და მაღალი ხელფასები, რადგან მთავარი ძლიერი გუნდი, ლამაზი ფეხბურთი და ტიტულებია. გულშემატკივრები ფეხბურთელების დამოკიდებულებითაც უკმაყოფილოები არიან და მიაჩნიათ, რომ მოედანზე კლუბის ფერებისა და ლოგოსთვის ბოლომდე დახარჯვა არ იგრძნობა.
კლუბის ისტორიისა და ტრადიციების დასაცავად „ჯუნგლები“ მკაცრ გაფრთხილებას აჟღერებენ და აცხადებენ, რომ ტორპედო ვიღაცის პირადი ბიზნესი და ფულის საჭრელი მანქანა არ არის. ქომაგები მომავალი სეზონიდან მხოლოდ სიტყვებსა და დაპირებებზე მეტად საქმით დამტკიცებულ ცვლილებებს ელოდებიან და აფრთხილებენ ყველას, რომ მათი მოთმინება ამოიწურა.