არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ოფიციალურად დადასტურდა, რომ მადრიდის რეალს მისი მდიდარი ისტორიის ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი დატოვებს და ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში პირველი უცხოელი მწვრთნელი გახდება.
კარლო ანჩელოტიზე, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელზე და მის დამსახურებებზე საუბარი იმდენად შორს წაგვიყვანს, რომ ამის წერასაც დღეები დასჭირდება და კითხვითაც ზღვა მასალა იქნება ასათვისებელი.
კარლო ანჩელოტი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი რომ არის, ამაზე დავასაც კი არ ცდილობს არავინ და არც მის სიდიადეს აყენებს ვინმე ეჭვქვეშ, მაგრამ დიდი მწვრთნელების საპატიო სიაშიც არის ერთი რამ, რაც იტალიელს სხვებისგან ყველაზე მეტად გამოარჩევს.
ალბათ, არ არსებობს მწვრთნელი, რომელსაც ანჩელოტიზე მეტ ვარსკვლავთან უმუშავია, დაწყებული ბუფონითა და მალდინით და დამთავრებული ზინედინ ზიდანით, კრიშტიანუ რონალდუთი და კილიან მბაპეთი. გასახდელში დიდი მწვრთნელისა და დიდი ფეხბურთელის თანხვედრა ხშირად იწვევს ეგოების დატაკებას და პრობლემებს - ჟოზე მოურინიო, სერ ალექს ფერგიუსონი და თუნდაც პეპ გვარდიოლა ნამდვილად დაგვემოწმებიან. თუმცა, იგივეს თქმა შეუძლებელია კარლო ანჩელოტიზე - უამრავ ვარსკვლავთან მუშაობის პირობებშიც, იტალიელმა იმდენი მოახერხა, რომ არცერთ ვარსკვლავთან დაძაბული ურთიერთობის მსგავსიც კი არაფერი ჰქონია, მისი გუნდის გასახდელი კი ყოველთვის გამოირჩეოდა ერთიანობით, კარგი ატმოსფეროთი და დიდებული ურთიერთობით ფეხბურთელებს შორის.
თუმცა, ეს კიდევ არ არის ის, რაც კარლო ანჩელოტის სხვებისგან გამოარჩევს...
2025 წელი მიდის და დღეს ყველა თავის გუნდში სისტემური მწვრთნელის მოყვანას ცდილობს, ფეხბურთი ავტომატიზმამდეა დაყვანილი, მატჩებისთვის მზადების და მათი მსვლელობის პროცესში ტარდება უამრავი საკითხის ანალიზი, მწვრთნელებმა კი ზუსტად იციან, რა დავალება მისცენ მოედანზე მყოფ 11-ვე ფეხბურთელს კი არა, ზოგჯერ ბურთის მომწოდებლებსაც (ჟოზე დაგვიდასტურებს).
სწორედ აქ მივდივართ სტატიის სათაურის შინაარსამდე - იტალიელი მწვრთნელი არის იდეალური კრიზისმენეჯერი, რომლისთვისაც წარმატების მთავარი საწინდარი თავის შეგირდებთან იდეალური ურთიერთობის ჩამოყალიბებაა, მათი ადამიანური კუთხის დანახვა და ინდივიდებად აღქმა - სულერთია ვინ ხარ ფეხბურთის მოედანზე, კარლოსთვის შენ პირველ რიგში ადამიანი ხარ და ამიტომ, შენს სურვილს და მოსაზრებას მისი მხრიდან უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
კარლოსადმი საქებარ მილიონ სიტყვაში შეიძლება ვერ ამოიკითხოთ ის, რომ იტალიელი ერთ-ერთი საუკეთესო ტაქტიკოსია - არა, ზოგი ცდილობს მისი ღვაწლი სულ დააკნინოს და ისე წარმოაჩინოს, თითქოს ანჩელოტის ტაქტიკასთან საერთო არაფერი აქვს, რაც ნამდვილად გადაჭარბებულია, თუმცა ტაქტიკა ნამდვილად არ შედის კარლო ანჩელოტის წარმატებების მიზეზთა სამეულში, რაც მის მიღწევებს კიდევ უფრო დიდ ფასს სძენს - შეიძლება მის გუნდს 90-დან 85 წუთის განმავლობაში სჯობდე, თუმცა გამარჯვებული მაინც კარლოს გუნდი გამოვიდეს, შეიძლება მის გუნდს მეკარის მხრიდან ისტორიული პერფომანსის ჩვენება დასჭირდეს მოსაგებად, თუმცა ამ ყველაფერშიც საჭიროა ანჩელოტის წვლილის დანახვა, რომელიც ყველაფერთან ერთად იდეალური ფსიქოლოგიცაა.
კარლო ანჩელოტის პირველი მოსვლა მადრიდის რეალში ახალი ჟანგბადის შესუნთქვის ტოლფასი იყო ჟოზე მოურინიოს ტოქსიკური, სკანდალური და გადამწვარი სამი წელიწადის შემდეგ. იტალიელმა გასახდელს ჰარმონია, სიმშვიდე და ერთმანეთის პატივისცემა დაუბრუნა, რამაც თავისი საქმე
პირველივე სეზონში შეასრულა და რეალს 12-წლიანი პაუზის შემდეგ ნანატრი ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოუტანა.
შემდეგ იყო გაშვება, ბენიტესის გავლით ზიდანის მოსვლა, სამი ლიგა და რეალის დიდების ხანა, რაც გუნდში კარლოს მოსვლის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რეალის წარმატებებში ანჩელოტის წვლილი ფასდაუდებელი იყო მაშინაც კი, როცა ის ფიზიკურად გუნდშიც არ იმყოფებოდა - ზიდანს არასდროს დაუმალავს, რომ კარლოს მეთოდებით შეძლო წარმატების მიღწევა.
მეორედ მოსვლა კიდევ უფრო წარმატებული გამოვიდა - ევერტონის სამარედან ამოყვანილი ვეტერანი მწვრთნელი პირველივე პრესკონფერენციაზე ამბობს, რომ ახალ სეზონში ვინისიუსმა უფრო მეტი გოლი უნდა გაიტანოს, მისი მთავარი მიზანი კი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. მაშინდელი ვინისიუსის ფონზე ბევრს ეს ფრაზა სასაცილოდაც არ ეყო, თუმცა მის პირველივე სეზონში რეალმა ისევ ლიგა მოიგო, ვინისიუსი კი სამყარომ სულ სხვა თვალით დაინახა.
კარლო ანჩელოტის ვარსკვლავების ახალ დონეზე აყვანა სხვაზე მეტად ეხერხება - იტალიელმა საოქროსბურთე სეზონები ჩაატარებინა ანდრეი შევჩენკოს, კაკას, კრიშტიანუ რონალდუს და კარიმ ბენზემას. პრიზის მოგებასთან უკიდურესად ახლოს იყო სწორედ ის ვინიც, რომელიც კარლოს მოსვლამდე აცილების მიმებში უფრო ხშირად ჩანდა, ვიდრე კარგი ფეხბურთელების ჩამონათვალში.
ამ ყველაფერს კი კარლო ანჩელოტი ყველასგან გამორჩეულად, პრაგმატულად, მაგრამ სრულიად უნიკალურად აკეთებდა - დღეს ასეთი მწვრთნელები მსოფლიო ფეხბურთს თითქმის აღარ ჰყავს. დღეს "აიპადიანი" მწვრთნელები, ჩაშლილი სტატისტიკა და ანდროიდივით წვრილმანებამდე დაპროგრამებული ფეხბურთელების ეპოქაა.
მადრიდის რეალს და კარლო ანჩელოტის იდეალური ტანდემი გამოუვიდათ - თამამად შეიძლება ითქვას, რომ სხვა მწვრთნელი ამხელა წარმატებებს რეალში ვერ დადებდა - თანაც ასე, პრესინგის გარეშე, გამორჩეული სათამაშო სტილის გარეშე.
მაშინაც კი, როცა თითქოს ჩანდა, რომ ბენზემას შემცვლელის არმოყვანით იტალიელი ხელნძღვანელობამ გაწირა, კარლო ადგა, გადააწყო თამაში და რეალს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარებინა (23/24), როცა გუნდმა მხოლოდ 2 მატჩი წააგო და ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო სამ წელში მეორედ მიაღწია წარმატებას.
ასეთი ტანდემის გამეორება რთული იქნება, შეიძლება შეუძლებელიც კი, იმიტომ რომ ამდენი ვარსკვლავის მოთოკვა და მორჯულება, რამდენიც რეალშია ახლა თავმოყრილი, ანჩელოტის გარდა არცერთ მწვრთნელს არ გამოსვლია ჯერ - კარლოს გუნდებიდან ყველაზე ნაკლებად მოისმენდით შიდა კონფლიქტების, გაურკვევლობების და უკმაყოფილების შესახებ, კარლო ისეთ ფეხბურთელებსაც კი უყვართ, რომლებსაც ძირითადად სათამაშო დროც კი არ ეძლევათ.
თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი დასასრული და ამ სეზონმა აჩვენა, რომ რეალის და ანჩელოტის დაშორების დრო მოვიდა - ვინ იცის, იქნებ ისევ დროებით, იქნებ ალონსოს არ გამოუვიდეს და ვარსკვლავებით გადაძეძგილი მადრიდის გადასარჩენად ისევ პაპა კარლოს დაუძახონ? იქნებ ისევ აწევს ის თავის ცნობილ წარბს ბერნაბეუზე, მორიგი ქამბექის შესრულების იმედად? ვინ იცის... ალბათ, თავად კარლომაც არ იცის, რადგან რამდენიმე წლის წინ ამბობდა, რომ რეალის მერე კარიერას დაასრულებს, ახლა კი ვხედავთ, რომ აზრი შეიცვალა...
აზრი შეიცვალა, რადგან ახლა სხვა ვარსკვლავურ გუნდს სჭირდება მისი შველა - ბრაზილიის ნაკრებს. ბევრის აზრით ისტორიაში საუკეთესო საფეხბურთო ნაკრებს, აბა, კარლოს ამაზე ნაკლები ეკადრება? 2026 წლის მუნდიალზე 24 წელი შესრულდება ბრაზილიის მიერ მუნდიალის ბოლო მოგებიდან, რაც პელეს, რომარიოს, რონალდოს და რონალდინიოს ქვეყნისთვის დაუშვებლად ბევრია.
კარლო ანჩელოტის ქება არ სჭირდება, მისი სამწვრთნელო კარიერა საუკეთესო სივია მისთვის. რად ღირს მხოლოდ ის ფაქტი, რომ ის ჩემპიონთა ლიგის ორი ყველაზე წარმატებული გუნდის ისტორიაში ოქროს ასოებით არის ჩაწერილი.
ერთი სიტყვით, მადლობა კარლოს ყველაფრისთვის და წარმატებები კარიერის ახალ, არანაკლებად საინტერესო და დამაინტრიგებელ ეტაპზე.
და ბოლოს, რჩევა: პეპ გვარდიოლების, ლუის ენრიკეების და სხვა სისტემური მწვრთნელების ეპოქაში, იყავით კარლო ანჩელოტი!
Arrivederci, Carlo!
განაგრძე კითხვა
ექსკლუზიური სტატიების წასაკითხად, გაიარე ავტორიზაცია
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
G
GURU791408
jozeze daushvebelia ase saubari rato iyo toqsikuri cota gauketa reals?