ესპანეთის ნაკრებთან 0:2 მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შეხვედრა პრესკონფერენციაზე შეაფასა.
"ბევრი არაფერია სათქმელი. ესპანეთი სხვა პლანეტაზე თამაშობს. შეგვიძლია ვცადოთ, ყველაფერი გავიღოთ, მაგრამ როდესაც ესპანეთი ამ დონეზე თამაშობს, ჩვენ შანსი არ გვაქვს. უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ისინი სხვა ფეხბურთს თამაშობენ, ძალიან მაღალი დონისას. ამ მატჩის მხოლოდ 0:2 წაგება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამართლებაა.
მთელი ღამე შეგვიძლია ესპანეთზე ვისაუბროთ. ეს მათი ფეხბურთის ფედერაციის მიერ ბოლო 25 წლის განმავლობაში ნამდვილად ინტელექტუალური მოთამაშეების აღზრდის შედეგია. შეხედეთ პედრის, მოედანზე რა გადაწყვეტილებებს იღებს - სად უნდა გადაადგილდეს, როგორ მისცეს თანაგუნდელებს არჩევანის საშუალება. ეს მთელ ესპანურ ფეხბურთს ეხება. სწორედ ამიტომ ახერხებენ ისინი ასე თამაშს! დღეს 6 ან 7 ფეხბურთელი არ ჰყავდათ და ვერანაირი განსხვავება ვერ დავინახეთ! ამჟამად, პორტუგალიასთან ერთად, სხვა ქვეყნებმა ისინი უნდა აიღონ მაგალითად.
თურქეთთან ჩემი მოთამაშეებისგან სრულიად განსხვავებულ რამეს ველი, რათა ჩვენი თვისებები გამოვავლინოთ. მე ყველაფერს პოზიტიურად ვუყურებ და ვთვლი, რომ რამდენიმე დღეში ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია", - განაცხადა სანიოლმა.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის 3 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ამდენივე ქულა აქვს და მე-3 ადგილზე იმყოფება. ესპანელებს 9 ქულა აქვთ, ხოლო თურქებს - 6.
ჯვაროსნები მომდევნო მატჩს სწორედ თურქეთთან, სტამბოლში ჩაატარებენ - 14 ოქტომბერს.