საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-3 ტურში, ესპანეთთან ელჩეში 0:2 წააგო. გოლები იერემი პინოსა და მიკელ ოიარსაბალის ანგარიშზეა.
პინომ ანგარიში 24-ე წუთზე, ლე ნორმანის ასისტის შემდეგ გახსნა, ხოლო ოიარსაბალმა მეორე ტაიმის შუაში საჯარიმო დარტყმიდან შეაგდო. არაერთ რეალურ საგოლე შანსთან ერთად, პირველ ტაიმში ფერან ტორესმა პენალტი ვერ გაიტანა - მამარდაშვილმა აუღო.
საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრების მეკარეს პენალტი 2021 წლის 2 ივნისის შემდეგ, 46 თამაში არ ჰქონდა მოგერიებული. მაშინ ეს რუმინეთთან ამხანაგური მატჩისას მოხდა, როცა კარში ლაზარე კუპატაძე იდგა და რაზვან მარინმა 11 მეტრიდან ზედა ძელს გადააცილა.
ესპანეთს უდიდესი უპირატესობა ჰქონდა და ვილი სანიოლის გუნდს პრაქტიკულად არც ერთი გააზრებული შეტევა განუხორციელებია. ფურია როხამ კარისკენ 24-ჯერ დაარტყა (7-ჯერ ზუსტად), ბურთს დროის 83% ფლობდა და 10 კუთხური მოაწოდა.
3 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ამდენივე ქულა აქვს და ჯგუფის მე-3 ადგილზე იმყოფება. ესპანელებს 9 ქულა აქვთ, ხოლო თურქებს - 6.
ჯვაროსნები მომდევნო მატჩს სწორედ თურქეთთან, სტამბოლში ჩაატარებენ - 14 ოქტომბერს.