საქართველოს ნაკრებთან 2:0 გამარჯვების შემდეგ, ერთ-ერთი გოლის გამტანმა, მიკელ ოიარსაბალმა, შეხვედრა ჟურნალისტებთან შეაფასა.
"ამ გოლის გატანა ძალიან ამაღელვებელი იყო, მით უმეტეს, რომ მან გამარჯვება ფაქტობრივად განაპირობა. ვიცოდით, რომ საქართველო თავს დაიცავდა ყველაფრით, რაც საქმეს გაართულებდა. ჩვენ უბრალოდ შანსები ეფექტიანად ვერ გამოვიყენეთ, არადა, მატჩი დასაწყისიდან ბოლომდე ნამდვილად ვდომინირებდით. რაც შეეხება დანაკლისს, ჩვენი სიძლიერე ზუსტად გუნდურობაშია", - ამბობს ოიარსაბალი.
რეალ სოსიედადის კაპიტანმა ნაკრებში 48-ედ ითამაშა და მე-18 გოლი შეაგდო - ასევე, 9 საგოლე გადაცემა აქვს.
საინტერესოა ისიც, რომ 2025 წელს, ევროპელ ფეხბურთელთაგან, ნაკრებში ყველაზე მეტი გოლი ერლინგ ჰოლანდს აქვს გატანილი - 15, ოიარსაბალის ანგარიშზე 10 გოლია, ხოლო კილიან მბაპემ და მემფის დეპაიმ 9-9 ბურთი შეაგდეს.
ესპანეთის ნაკრებს უკვე 22-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს - 16 მოგება და 6 ფრე. ფურია როხამ ბოლოს 2024 წლის მარტში, კოლუმბიის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში წააგო.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის 3 ტურის შემდეგ, ესპანეთს 9 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია. გუნდი 14 ოქტომბერს აუტსაიდერ ბულგარეთს ვალიადოლიდში უმასპინძლებს.