დღევანდელ ბლოგში 2026 წლის მსოფლიო თასის თილისმად ქცეულ, ლამინ იამალის სამი წლის ნახევარძმას, კეინს გაგაცნობთ.
მიუხედავად იმისა, რომ 19 წლის ლამინ იამალი ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასის ფინალშია, ის საკუთარი ოჯახის ყველაზე პოპულარული წევრიც კი არაა - ამის მთავარი მიზეზი ლამინის სამი წლის ნახევარ ძმა კეინია, რომელიც უკვე წლებია ახალგაზრდა ფეხბურთელის განუყრელი "მეგობარია” და დიდი ძმის არცერთ მატჩსა თუ დაჯილდოვების ცერემონიალს ტოვებს.
კეინი ლამინის 2022 წელს დაბადებული ნახევარძმაა, რომელიც ლამინის დედას, შილბა ებანას ახალ ქორწინებაში შეეძინა. კეინი პირველად ფართო საზოგადოებამ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაიცნო - ესპანეთის ნაკრებისა და 17 წლის ლამინ იამალის ტრიუმფის შემდეგ, პატარა კეინი ბერლინის ოლიმპიური სტადიონის მოედნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სტუმარი იყო.

მას შემდეგ კეინი სისტემატიურად ჩნდებოდა ბარსელონას მატჩებზე, ლამინის სოციალურ ქსელებსა თუ პრესტიჟულ დაჯილდოების ცერემონიალებზე.

ჩემი პატარა ძმა ჩემთვის ყველაფერია. უზომოდ მიყვარს, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ჩემი შვილი იყოს
ლამინ იამალი.

ძმები ხშირად ჩნდებიან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სხვადასხვა ფოტოებსა თუ ვიდეოებში, სადაც მღერიან, ცეკვავენ და ოჯახთან ერთად ატარებენ დროს.
მიმდინარე მსოფლიო თასზე კამერებმა კეინი ავსტრიასთან მატჩის დროს გოლის ძალიან ემოციურად აღნიშვნისას დააფიქსირეს, რამაც მისი პოპულარობის ახალ ტალღას დაუდო სათავე. მატჩის შემდეგ პატარა იამალს არც სოფაი სთედიუმის დიდ ეკრანზე გამოჩენა აცდა, რამაც უფროსი ძმაც არანაკლებ გააბედნიერა.

საფრანგეთთან მოგების შემდეგ ლამინმა კეინთან გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა და პატარა ძმასთან ერთად ფინალისთვის მზადებას შეუდგა.
