-
Aa
+
ფონტის ზომა
ბართიშვილი 2009 წლის 30 მარტს თბილისში დაიბადა. ანდრია ძალიან აქტიური ბავშვი იყო, რის გამოც დედამ ოთხი წლის ასაკში ფეხბურთზე შეიყვანა.
სახლში ვერ მაჩერებდნენ, ენერგია სადღაც უნდა დამეხარჯა
პატარა ანდრიამ დიდი ფეხბურთის თამაში თავიდანვე მიზნად დაისახა და ოცნების ასასრულებლად ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა. მის ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი დედამ ითამაშა, რომელიც პატარა ანდრიას გამუდმებით ვარჯიშისკენ მოუწოდებდა.
ბართიშვილმა ახალგაზრდული კარიერა დინამოს აკადემიაში გაატარა, ხოლო 2025 წელს ფოთის კოლხეთს შეუერთდა და კარიერის პირველი პროფესიონალური სეზონიც ჩაატარა. ანდრიამ ეროვნულ ლიგაში ფოთის კოლხეთის მაისურით 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მალევე მიიპყრო ქართული თუ ევროპული კლუბების ყურადღება.
ამ დროის განმავლობაში ბართიშვილი საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წევრიც იყო - U16, U17, U19 და U21. მათ შორის ყველაზე მეტი, 15 მატჩი ანდრიამ 17-წლამდელების შემადგენლობაში გამართა, სადაც 7 გოლი გაიტანა, ხოლო 21-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებამ განსაკუთრებით გაახარა.
ემოციები და პასუხისმგებლობა ერთად მომაწვა
“21-წლამდელთა ნაკრებში თამაში ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ნაბიჯი. ჰიმნი რომ დავიწყეთ ჟრუანტელი მივლიდა… ძალიან მსიამოვნებდა, ჩემი ქვეყანა რომ უნდა მესახელებინა."
2026 წლის იანვარში ბართიშვილი საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, იბერია 1999-ს იჯარით შეუერთდა. ანდრიამ მისი საყვარელი 11 ნომერი მოირგო და ახალი სეზონისთვისა და ევროთასებისთვის მზადებას შეუდგა.
ჩემი დიდი სურვილია, რომ ჯგუფში შევიდეთ
ანდრიას სურვილი ახდა, ბართიშვილი იბერიას კონფერენს ლიგის ფინალურ ეტაპზე მოხვდრაში დაეხმარა. მიმდინარე სეზონში ბართიშვილმა ეროვნულ ლიგაში 17 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლი გაიტანა და ორჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.
ბართიშვილმა ჯერჯერობით კონფერენს ლიგაზე თავის წარმოჩენა ვერ შეძლო, ამის მიზეზი ტრავმა იყო, რომლის გამოც ანდრიამ იბერიას 11 მატჩი გამოტოვა. ბართიშვილი სენტ-ტრუიდენთან შეხვედრაში დაბრუნდა, სადაც მოედანზე 11 წუთი დაჰყო, ხოლო შვედურ მიალბისთან მხოლოდ 10 წუთით შემოვიდა.
ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ოქროს ბურთის და ბარსელონასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა
თუმცა ბარსელონამდე საქმეში ლონდონის არსენალი ჩაერთო - უამრავ გრანდთან დაკავშირებული ჭორ-მართალი ფაბრიციო რომანოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა პოსტმა გადაფარა.
ანდრია ბართიშვილი არსენალში - HERE WE GO!
ლონდონურ გრანდთან გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში 2027 წლის ზაფხულიდან შევა, როდესაც ბართიშვილი 18 წლის იქნება.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები