საქართველოს თასის 2026 წლის გათამაშების პირველი ფინალისტი ცნობილია.
დაძაბულ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში გაგრამ რუსთავი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და სატიტულე შეხვედრის საგზური მოიპოვა.
ვლადიმერ ხაჩიძის შეგირდებმა განაცხადი პირველივე ტაიმში გააკეთეს. შეხვედრის მე-14 წუთზე ანგარიში იაზლი ნაზაროვმა გახსნა, ხოლო 30-ე წუთზე ვანდერსონ სილვამ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
მატჩის ფინალურ ნაწილში ვითარება დაიძაბა. მე-80 წუთზე ნაზაროვმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გაგრა მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა.
გია ცეცაძის გუნდმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და 84-ე წუთზე ლუკა პარკაძემ სხვაობა შეამცირა, თუმცა რუსთავმა მეტის გატანა ვეღარ შეძლო.
გაგრასთვის საქართველოს თასი განსაკუთრებული ტურნირია. კლუბმა ეს ტიტული 2011 და 2020 წლებში უკვე აღმართა.
ფინალის ჩატარების ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი, გაგრას მეტოქე კი ბათუმის დინამოსა და გორის დილას ნახევარფინალურ წყვილში გაირკვევა.