აინტრახტ ფრანკფურტის თავდამსხმელი ჯან უზუნი ევროპული გრანდების ყურადღების ცენტრში მოექცა.
Bild-ის ინფორმაციით, თურქეთის მრავალგზის ჩემპიონი გალათასარაი ამომავალი ვარსკვლავის ხელში ჩასაგდებად ბრძოლას ლიდერობს.
სტამბოლური კლუბი ფეხბურთელს ჯერ კიდევ ფრანკფურტში გადასვლამდე აკვირდებოდა და მასთან მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებდა. თურქეთის ჩემპიონატში არსებული მკაცრი ლიმიტის გამო (მაქსიმუმ 14 უცხოელი ფეხბურთელი), ადგილობრივი ტალანტების ფასი მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც გალათასარაისთვის უზუნი ნომერ პირველი სამიზნე გახდა.
თუმცა, ტრანსფერი ასე მარტივად არ გადაწყდება. გალათასარაის გარდა, 20 წლის შემტევის მიმართ ინტერესს მილანი, ნაპოლი და ინგლისური პრემიერლიგის მდიდარი კლუბებიც იჩენენ. ამ ეტაპზე აინტრახტისთვის ოფიციალური წინადადებით არავის მიუმართავს. თავად ფეხბურთელი მომავალზე საუბრისგან თავს იკავებს და სრულად მსოფლიო ჩემპიონატზეა კონცენტრირებული, ასე რომ, მისი ტრანსფერის საკითხი მუნდიალის დასრულებამდე არ გადაწყდება.
მიმდინარე სეზონში, მიღებული ტრავმების მიუხედავად, ჯან უზუნმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. მან ახლახან თურქეთის ნაკრებში სადებიუტო გოლიც გაიტანა ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ.