UEFA Youth League-ის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2 ფინალში, დინამო თბილისმა კვიპროსულ აეკ ლარნაკას პირველი მატჩი სტუმრად 4:3 მოუგო და განმეორებითი შეხვედრის წინ უპირატესობა შეიქმნა.
მატჩში ანგარიში კვიპროსელებმა გახსნეს, რასაც რეზი დანელიამ უპასუხა (საგოლე ეპიზოდში ლაზარე ნათენაძემაც იაქტიურა და თავისი წვლილი ჰქონდა), თუმცა მეტოქემ მალევე კიდევ ერთი შეაგდო და პირველი ტაიმი 2:1 მოიგო.
მეორე ნახევრის დასაწყისში, 51-ე წუთზე, ალექსანდრე ჭოლოკავამ წონასწორობა მას შემდეგ აღადგინა, რაც თემურ ოდიკაძის დარტყმული მეკარემ მოიგერია - 2:2.
59-ე წუთზე, დინამო თბილისი შეხვედრაში პირველად დაწინაურდა - ჰალიდ დოლტმურზიევმა პენალტიდან შეაგდო. კვიპროსელებმა 8 წუთში გაათანაბრეს.
გამარჯვების გოლი თემურ ოდიკაძის ანგარიშზეა. 69-ე წუთზე, თამაში კარგად გაამწვავა, თანაგუნდელთან კომბინაციის გათამაშება სცადა, რა დროსაც ბურთი მცველისგან ისევ მას მიუვიდა და შეტევა სათანადოდ დაასრულა - 4:3.
დინამო თბილისი (4-2-3-1): ჩოჩოშვილი - დიაკონიძე (გვაზავა; 81), შათირიშვილი, ლომიძე, ხუციშვილი - ნათენაძე (ელისაშვილი; 61), ბერელიძე - ჭოლოკავა (კვირიკაძე; 61), დანელია (ძნელაძე; 74), ოდიკაძე (დონკორი; 74) - დოლტმურზიევი. მთ. მწვრთნელი: დავით გელაშვილი.
გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა თბილისში, 5 ნოემბერს ჩატარდება. წყვილში გამარჯვებული საკვალიფიკაციოს ფინალში ბელარუსულ დინამო მინსკსა და ბულგარულ ლუდოგორეცს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, დინამო თბილისმა UEFA Youth League-ის საკვალიფიკაციოს წინა ეტაპზე ბოსნიური ჟრინსკი, ორი მატჩის ჯამში, 4:1 დაამარცხა.