ბორნმუთმა ალექს ხიმენესი გუნდიდან დროებით მოიხსნა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა შეტყობინებები, რომელთა მიხედვითაც ის არასრულწლოვანთან საუბრობდა.
ხიმენესმა ნოემბრის შემდეგ „ალუბლების“ რიგებში პრემიერ ლიგის ყველა მატჩში ითამაშა და თითქმის ყველა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, რის შედეგადაც ანდონი ირაოლას გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გახდა.
თუმცა, 21 წლის ფეხბურთელი შაბათს ფულემთან მატჩში, რომელიც კრეივენ კოტეჯზე გაიმართება, მონაწილეობას არ მიიღებს - ეს კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
„ბორნმუთმა იცის სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტების შესახებ, რომლებიც მარჯვენა მცველ ალექს ხიმენესს ეხება.
კლუბს ესმის საკითხის სერიოზულობა და ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.
შედეგად, ალექსი არ იქნება პრემიერ ლიგის ხვალინდელი მატჩის განაცხადში ფულემის წინააღმდეგ, კლუბი ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს არ გააკეთებს.“
ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ინტერნეტში გაჟონა სავარაუდო მიმოწერის სქრინებმა და ვიდეოებმა, რომლებიც ხიმენესის 15 წლის არასრულწლოვანთან საუბარს ასახავს.
ბორნმუთი ამჟამად ცხრილში მე-6 ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე 3 მატჩით ადრე ევროპულ ტურნირებზე გასვლისთვის იბრძვის.