საგარეჯოს გარეჯი ეროვნული ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშებას უკვე 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.
16 ტურის შედეგებით, კახელებმა 10 მატჩი მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ ერთხელ, მარტვილში, მე-2 ადგილოსან მერანთან დამარცხდნენ - ამჟამად 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. თენგიზ კობიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 16 ტურში 9 გოლი გაუშვა.
საერთო ჯამში, სატურნირო ცხრილში ასეთი მდგომარეობაა:
1. გარეჯი (საგარეჯო) - 35 ქულა;
2. მერანი (მარტვილი) - 27 ქულა;
3. თელავი (თელავი) - 26 ქულა;
4. შტურმი (სართიჭალა) - 25 ქულა;
5. არაგვი (დუშეთი) - 21 ქულა;
6. ოდიში (ზუგდიდი) - 20 ქულა;
7. ბოლნისი (ბოლნისი) - 19 ქულა;
8. სამტრედია (სამტრედია) - 15 ქულა;
9. კოლხეთი (ფოთი) - 15 ქულა;
10. გორი (გორი) - 12 ქულა.
ცნობისთვის, ეროვნულ ლიგაში პირდაპირ მხოლოდ პირველადგილოსანი გადადის, მეორე-მესამე პოზიციაზე გასული გუნდები კი უმაღლესის მერვე-მეცხრე ადგილზე გასულ გუნდებთან ორრაუნდიან პლეი-ოფს ითამაშებენ.
მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, 9 გოლით, ოდიშის ოთარ კვერნაძეა, მერანი მარტვილის ჯავოხირ ესონკულოვსა და სამტრედიას თამაზ მაქაცარიას კი 7-7 გოლი აქვთ აქტივში.
მომდევნო ტურში, რომელიც სრულად 13 ივნისს გაიმართება, ლიდერი გარეჯი ბოლოადგილოსან გორს ესტუმრება, მერანი მარტვილი ბოლნისში ითამაშებს, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილზე მყოფი შტურმი და თელავი სართიჭალაში კახურ დერბიში დაუპირისპირდებიან.