მადრიდის რეალის ყოფილმა ნუტრიციოლოგმა, ისტიარ გონსალესმა, კლუბის სამედიცინო შტაბის მუშაობა საჯაროდ გააკრიტიკა და შიდა პრობლემებზე ისაუბრა.
Marca-სთვის მიცემულ ინტერვიუში გონსალესი ამბობს, რომ კლუბში მუშაობა პირადად ფლორენტინო პერესის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. თუმცა, როგორ თავად ამტკიცებს, მუშაობის პირველივე დღეს სამედიცინო შტაბის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ მათ იციან, როგორ უნდა "მართონ" პრეზიდენტი და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ პერესის თვალში ის არაკომპეტენტურად წარმოეჩინათ და საბოლოოდ, სამსახურიდან გაეშვათ.
ნუტრიციოლოგის თქმით, სამედიცინო და კვების პერსონალი სისტემატურად არღვევდა მის რეკომენდაციებს: სასადილოში იდო ისეთი საკვები, რომელსაც ის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, შეფ-მზარეული ამზადებდა იმას, რაც თავად სურდა და მის მითითებებს არ ითვალისწინებდა. ამასთან, ექიმები და ფიზიოთერაპევტები ფეხბურთელებს ურჩევდნენ, რომ მისი ინსტურქციები არ დაეცვათ და არ აწვდიდნენ ინფორმაციას ფეხბურთელთა ფიზიკურ კონდიციებზე. კლუბის ერთ-ერთმა ექიმმა კი, მისი თქმით, პირდაპირ განუცხადა, რომ კვებასა და დანამატებს ტრავმებზე და ფიზიკურ კონდიციებზე არანაირი გავლენა არ აქვს.
ამის მიუხედავად, გონსალესი აღნიშნავს, რომ იმ ფეხბურთელებმა, რომლებთანაც ის უშუალოდ მუშაობდა, აშკარა პროგრესი იგრძნეს: შემცირდა დაღლილობა და ტკივილები, თითქმის გაქრა კრუნჩხვები, გაიზარდა სისწრაფე და მოძრაობის სიმსუბუქე. მისი თქმით, ფეხბურთელები დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ და მათთან თანამშრომლობა იდეალური იყო, თუმცა ისინი თავადაც გახდნენ იმ "ჩაკეტილი სისტემის" მსხვერპლნი, რომელიც სამედიცინო შტაბმა შექმნა.
გონსალესის მტკიცებით, ფეხბურთელებს მისი მუშაობა ძალიან მოსწონდათ, რამაც სამედიცინო შტაბის უკმაყოფილება გამოიწვია. ამის შემდეგ, მათი მხრიდან დაიწყო ცრუ ბრალდებები, რათა საბოლოოდ მას სამსახური დაეკარგა. საბოლოოდ, პერესმა ეს ბრალდებები დაიჯერა და მიუხედავად ფეხბურთელების დაპირებებისა, რომ ისინი ეცდებიან პრეზიდენტისთვის სიმართლის დანახვას, მას მოთამაშეებთან კონტაქტი და მატჩებზე დასწრება აეკრძალა, საბოლოოდ კი კლუბიდანაც გაათავისუფლეს.
იტსიარ გონსალესის თქმით, მასთან მუშაობით განსაკუთრებით კმაყოფილები იყვნენ როდრიგო და დანი კარვახალი, მოგვიანებით კი მან წარმატებით იმუშავა არდა გიულერთანაც.