გერმანიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ბრაზილიას გადაუსწრო და ყველაზე მეტი გატანილი გოლით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
კურასაოსთან გამანადგურებელი ანგარიშით (7:1) მოგების შემდეგ გერმანიის აქტივში 239 გოლია, ხოლო ბრაზილიის ნაკრებს 238 გოლი აქვს.
აღსანიშნავია, რომ გერმანიამ კურასაოს ზუსტად იმ ანგარიშით (7:1) მოუგო, როგორითაც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში თავად ბრაზილია დაამარცხა. ბრაზილიურმა მედიამ ეს შედეგი ისტორიული რეზულტატის გამეორებად შეაფასა და გერმანიის მიერ კურასაოსთან გამარჯვებას ირონიულად ბრაზილიის დღე უწოდა.
გერმანიის ნაკრებმა ანგარიში მე-6 წუთზე ფელიქს ნმეჩას გოლით გახსნა, თუმცა მე-20 წუთზე კურასაომ მოულოდნელად გაათანაბრა. იულიან ნაგელსმანის გუნდმა სწრაფად მოახერხა მობილიზება: პირველ ტაიმში ნიკო შლოტერბეკმა და კაი ჰავერცმა უპირატესობა დაიბრუნეს. მეორე ნახევარში გერმანიამ კიდევ ოთხი გოლი გაიტანა ჯამალ მუსიალას, ნათანიელ ბრაუნის, დენიზ უნდავისა და კვლავ კაი ჰავერცის შესრულებით.
გერმანიას 21 ტურნირზე ჩატარებულ 113 მატჩში 239 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ბრაზილიას 23 ტურნირზე 115 მატჩში – 238. ბრაზილიას შესაძლებლობა აქვს, გერმანიას სტატისტიკურად კვლავ გაუსწროს, თუ ჰაიტისთან მატჩში გოლების სერიას გააუმჯობესებს. ბრაზილიელებს ჯგუფურ ეტაპზე მაროკოსთან მხოლოდ ფრე (1:1) აქვთ დაფიქსირებული, ჰაიტისთან შეხვედრას კი, როგორც ჯგუფის ფავორიტები, ისე ხვდებიან.