ქართველ შემტევს, გიორგი კვერნაძეს იტალიური კლუბების გარდა, ახალი მსურველიც გამოუჩნდა.
თურქი ჟურნალისტის, სამეთ ჩაირის ინფორმაციით, ფენერბაჰჩე ფროზინონეს 23 წლის გარემარბის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას აქტიურად სწავლობს და შესაძლოა, იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს ოფიციალური წინადადებითაც მიმართოს.
თუმცა, ტრანსფერის განხორციელება თურქული გრანდისთვის მარტივი არ იქნება, რადგან ყველაფერი იტალიური კლუბის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. ფროზინონეს სპორტული დირექტორის, რენცო კასტანინის განცხადებით, კლუბი ქართველის გაყიდვას არ გეგმავს და პირიქით, მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვერნაძე ბრწყინვალე ფორმაშია, 12 ჩატარებულ შეხვედრაში მის ანგარიშზე 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
ამჟამად, Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 8 მილიონ ევროს შეადგენს.