მიმდინარე სეზონში გიორგი კვერნაძე სერია A-ს ნამდვილ აღმოჩენად იქცა.
სულ რაღაც 12 ჩატარებულ შეხვედრაში 5 გოლითა და 6 შედეგიანი გადაცემით, ქართველმა შემტევმა იტალიური გრანდების, მათ შორის რომას ყურადღება მიიპყრო. დედაქალაქელებს ტრანსფერის განხორციელება და კონკურენტების ჩამოტოვება რაც შეიძლება მალე, უკვე იანვარში სურთ.
რომას ამჟამინდელ მწვრთნელს, ჯან პიერო გასპერინის განსხვავებული სტილის ფეხბურთელი სჭირდება. პელეგრინის, დიბალასა და სულესგან განსხვავებით, რომლებიც ბურთს ძირითადად ფეხში ითხოვენ, გასპერინი ენერგიულ და ძლიერ გარემარბს ეძებს, რომელიც სივრცეებს სისწრაფით აითვისებს. ქართველი ტალანტი ამ პროფილს იდეალურად ერგება.
თუმცა, გარიგებას რამდენიმე სერიოზული წინაღობა აქვს. პირველ რიგში, კვერნაძეს პრემიერლიგიდანაც აკვირდებიან, კერძოდ კი ევერტონი. მეორე და მთავარი პრობლემა ფინანსურია - ქართველი ფეხბურთელების (კვარაცხელიასა და კვერნაძის) საერთო აგენტი სოლიდურ საკომისიოს, გავრცელებული ინფორმაციით, 6-დან 10 მილიონამდე ითხოვს. ამ საკითხის მოსაგვარებლად რომა სერიოზულ მოლაპარაკებებს გეგმავს.
სიტუაციას ისიც ართულებს, რომ გიორგის ფროზინონესთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ხელშეკრულებაში დევს 4-მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტი, თუმცა მისი გააქტიურება მხოლოდ ზაფხულშია შესაძლებელი და არა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე. ფროზინონე უკვე მუშაობს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რათა ეს გამოსასყიდი პუნქტი საერთოდ ამოიღოს, რაც დედაქალაქელთა ამოცანას კიდევ უფრო გაართულებს.